მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭარბობდა დაავადებული ნაწარმი" - რის ხარჯზე გაიზარდა მანდარინის ექსპორტი? - აჭარა ტრეიდინგ გრუპი

61e50ed5b5864
თათია ჩაფიჩაძე
22.01.22 14:00
764
1 სექტემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 37.5 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული, რაც ღირებულებაში 18.3 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით როგორც მოცულობის, ისე თანხობრივად 8%-იან ზრდას აჩვენებს. რაც შეეხება სარეალიზაციო ფასს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მანდარინის საშუალო საექსპორტო ფასი უცვლელია.

ფერმერები აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს გაცილებით დიდი რაოდენობის, დაახლოებით 70 ათას ტონამდე მოსავალი მიიღო ქვეყანამ, თუმცა მთავარ პრობლემად წინა წლებისგან განსხვავებით დაბალი ხარისხის ნაწარმი სახელდება, რის გამოც კომპანიებმა ევროპულ ბაზარზე გატანისგან თავი შეიკავეს.

კომპანია „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი კახა შავაძე ამბობს, რომ საექსპორტო მაჩვენებლები დაბალი საფასო სეგმენტის ხარჯზეა გაზრდილი, თუმცა ამის მიუხედავად ჩაბარების ფასი დაახლეობით 10-15%-ის ფარგლებში მაინც მომატებულია და ადგილზე საშუალოდ 90 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. 50-დან დაახლოებით 60 ცენტამდეა გაზრდილი მანდარინის საექსპორტო ღირებულებაც.

„ჯამურად რომ შევაფასოთ ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობა, გასულ წლებთან შედარებით მეტია, იმიტომ რომ მეტი იყო მოსავალი, თუმცა ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მაღალხარისხიან სეგმენტზე, სამწუხაროდ ხარისხი უნდა ვაღიაროთ რომ ცუდი იყო, ,. ან მოვლა აკლდა ან შესაწამლი პრეპარატების პრობლემა დგას, რადგან ამას მასიური ხასიათი ჰქონდა.

ექსპორტ გაიზარდა, თუმცა დაბალი საფასო სეგმენტის ხარჯზე, 60-დან 70 ათას ტონამდე მოსავალი გვაქვს ჯამურად და გასულია 37 ათასი ტონა, დანარჩენი ფაქტობრივად გადამუშავდა წვენებზე.

ჩვენ ფიტოსანიტარულ დოკუმენტს ევროპული ქვეყნის ფიტოსანიტარიის სამსახური ისედაც ეჭვქვეშ აყენებს, ამოწმებს და ეს ნიშნავს პროდუქციის საზღვარზე დაყოვნებას 14 დღე, 14 დღე მალფუჭებადი პროდუქტისთვის დიდი ზარალია. ამის მიუხედავად წინა წლებში მათი მოთხოვნა მაინც დავაკმაყოფილეთ. წელს ჩვენ არ ვიზამდით, რომ ამ ხარისხის მანდარინი გაგვეგზავნა ევროპაში რადგან ეს სამომავლო პერსპექტივას გაგვიფუჭებდა. ჩვენი მზიანია ევროპულ ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი და მერე შეგვეძლება ადვილად ვუთხრათ უარი რუსეთის ბაზარს.

რაც შეეხება ფასებს, ამ ხარისხის ფონზეც კი ადგილზე 10-15% მინიმუმი იყო მატება, უკეთესი რომ ყოფილიყო მინიმუმ 25%-ით მეტს აიღებდნენ ფერმერები და ჩვენც მეტს გავიტანდით, როგორც ასაღებ ისე საექსპორტო ფასთან მიმართებით პრობლემა არ ყოფილა. თუ საექსპორტო ფასი იყო 50 ცენტი, გაიზარდა 55-60 ცენტამდე. გაიზარდა ლოჯისტიკური ხარჯიც, დაახლოებით 50%-ითაც კი რაც ძალიან დიდია“ - განაცხადა შავაძემ.

1 სექტემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ექსპორტირებული მანდარინის უდიდესი ნაწილი - 25 728 ტონარუსულ ბაზარზე გავიდა, რომელსაც მოჰყვება სომხეთი (6 433 ტონა), უკრაინა (3 851 ტონა), მოლდოვა (545 ტონა), ყაზახეთ (301 ტონა), სლოვენია (234 ტონა), ბელარუსია (161 ტონა), ესტონეთ (124 ტონა), ყირგიზეთი (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (89 ტონა).

რაც შეეხება ლიმონს, სულ ექსპორტირებულია 273 ტონა, მათგან სომხეთში გავიდა 260 ტონა, მხოლოდ 6 ტონა რუსეთში და 5 ტონა გერმანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები