მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" წარმოების გაზრდას გეგმავს - როგორია კომპანიის შემოსავლები?

62aa1eb9f13b6
ნინო ტაბატაძე
17.06.22 00:14
1514
“ჭიათურმანგანუმ ჯორჯია”, რომელიც მანგანუმის ნედლეულის მარაგებს და ფეროშენადნობთა ქარხნებს ფლობს, გაფართოებას გეგმავს.

კომპანიის მენეჯმენტი 2021 წლის წლიურ ანგარიშში წერს, რომ 2022 წელს კომპანია ფეროშენადნობების წარმოების სიმძლავრეების გაზრდას ორი ახალი ღუმელის დამატებით გეგმავს.

აღნიშნული პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, წარმოების მოცულობა თვეში 1200 ტონით გაიზრდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და არსებული ელექტროქვესადგურის რეაბილიტაციაც.

2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას” შემოსავლები 3-ჯერ გაეზარდა და 188.95 მლნ ლარი შეადგინა. წლიური მოგება 74.1 მლნ ლარია, 2020 წელს მიღებული 5.5 მილიონიანი ზარალის შემდეგ. შემოსავლების ამ სექტორში ფასების ზრდას უკავშირდება.

„2021 წელს სამშენებლო სამუშაოები ბაზრების გახსნის შემდეგ წარმოება და მოთხოვნა ფოლადის პროდუქტებზე გაიზარდა, რადგან მანგანუმი არის მეტალურგიის განუყოფელი ნაწილი, გაიზარდა ფასებიც. მანგანუმის მცირე მწარმოებლებმა მუშაობა შეწყვიტეს, რასაც შედეგად მოყვა წარმოების შემცირება და მოთხოვნის ზრდა. ყოველივე ზემოთ ხსენებულის გამო SiMn-ის საშუალო ფასი 54%-ით მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 წლის მონაცემებთან შედარებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, ფეროსილიკომანგანუმის ღირებულება 2013 წელს თუ 2,079.55 ლარი იყო, 2020 წელს 2,982.74 ლარი, 2021 წელს კი, 4,575.91 ლარი იყო.

კომპანია ამ დროისათვის 3 ქარხანას ფლობს: ნახშირღელესა და ორხევის ფეროშენადნობთა საწარმოებს, ასევე აგლომერაციის ქარხანას, რომელიც ექსპლუატაციაში 2019 წელს შევიდა.

„აღნიშნული ქარხნის მეშვეობით საქართველოში არსებული მანგანუმის მადნის წარმოების ნარჩენების გადამუშავება და მისგან ფეროშენადნობების საწარმოებლად საჭირო ნედლეულის მიღება ხდება. აგლომერაციის ქარხანა, მანგანუმის კონცენტრატის გამამდიდრებელ ქარხნებთან ერთად, საშუალებას იძლევა გარკვეულწილად გადაიჭრას საქართველოში არსებული ნედლეულის დეფიციტის პრობლემა. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ანალოგიური ტიპის წარმოება ამიერკავკასიის მასშტაბით არ არსებობს“, - ნათქვამია კომპანიის წლიურ ანგარიშში.

ჯგუფი ასევე ექსპლუატაციას უწევს მექანიკური საამქროსა და საჩამოსხმო საამქროს ორი საინდუქციო ღუმელით, ლითონის ინსტრუმენტების წარმოებისთვის, რომლებიც ძირითადად მანგანუმის შენადნობების წარმოებისთვის გამოიყენება. კომპანია ამ ეტაპზე 3 სახის პროდუქციას აწარმოებს: ფეროსილიკომანგანუმს (FeSiMn) ფერომანგანუმს (FeMn) და ფეროსილიციუმს (FeSi).

მანგანუმის ფეროშენადნობების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის საქართველოდან, ძირითადად ევროკავშირში, დსთ-ში, აშშ-ში, თურქეთსა და ირანში.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის 100%-ის მფლობელი Greenfield Financial Corp-ია. საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი კი შმაგი ქემერტელიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები