პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. აღნიშნულის შესახებ ის დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილში საუბრობს.
„მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს“, - წერია წერილში.
მასში საუბარია მათ შორის „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიდოში შეცვლილ საინვესტიციო და ბიზნესს კლიმატზე.
„ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს“.
ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობამდე არსებულ ბიზნესგარემოზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 2012 წლამდე კერძო სექტორი დამორჩილებული, ხოლო ეკონომიკა ხელოვნური იყო.
„გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა, როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო.
ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, - გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი“, - წერია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.




























