"კადრების დეფიციტი გვაქვს" - ბოლო პერიოდში, დამსაქმებლების მხრიდან ეს ფრაზა ყველაზე ხშირად გვესმის და შესაბამისად, ისმის კითხვაც - სად გაქრა სამუშაო ძალა და როგორ შეიძლება ამ გამოწვევის დაძლევა. BMG ამ თემაზე თემურ ჭყონიასაც ესაუბრა და მისი მოსაზრებაც მოისმინა.
ბიზნესმენი ქვეყანაში არსებული კადრების დეფიციტის მიზეზად მუშახელის საზღვარგარეთ გადინებას ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასების გაზრდის, საბონუსე სისტემის შემოღების და გაუმჯობესებული სამუშაო პირობების შედეგად, მის კომპანიების ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დგას.
„ჩვენც გვიჭირდა კადრების მოძიება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა სამუშაო პირობები შევუქმენით დასაქმებულებს, ეს პრობლემა მოვაგვარეთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ მანქანით, სერიოზული ხელფასით, ბონუსით, შევუქმენით ის პირობები, რასაც ახალგაზრდები საზღვარგარეთ ეძებენ. ჩვენ შევთავაზეთ მათ ის, რაც ეკუთვნით და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ღირებულია ადამიანები და არა ბიზნესი და ამისთვის ბევრ რამეს ვაკეთებთ. მაგალითად, ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი პარასკევ-შაბათ-კვირას მიდის ქობულეთში დასასვენებლად... კადრების დეფიციტის ძირითადი მიზეზი არის საზღვარგარეთ წასვლის ცდუნება, მთელ მსოფლიოში ასე ხდება - ღარიბი ქვეყნებიდან მუშახელი მიდის მდიდარ ქვეყნებში.
რაც შეეხება უმუშევრობას, უმუშევრობა იმიტომ კი არ არის, რომ სამუშაო არ არის, არამედ იმიტომ, რომ ხალხს მუშაობა არ უნდა. დამიჯერეთ, რომ არ უნდათ. ჩემთვის ამოუცნობია, რომ ვინც არ მუშაობს, უფრო კარგად ცხოვრობს, ვიდრე ის, ვინც მუშაობს. ძალიან ბევრს დავდივარ ქვეყნის მასშტაბით და ვხედავ, ახალგაზრდები დგანან ბირჟებზე, საუბრობენ მაღალ მატერიალურ თემებზე - რუსეთ-უკრაინის ომზე, ბილ გეიტსის ქონებაზე, ქორწინებებზე, მაგრამ ყველა სამუშაო საქართველოში არის სათაკილო, უცხოეთში - არა. აქ თავმოყვარეები არიან, თორემ უცხოეთში თხილსაც კრეფენ, ასაკოვან ადამიანებსაც უვლიან და ყველა პირობას უძლებენ. ამას ახსნა აქვს ერთი, ეს არის ჩამორჩენილობა...
შესაძლებელია ეს ტენდენცია გაგრძელდეს და მერე განათლებული ადამიანებიც წავიდნენ საქართველოდან. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მოთხოვნა დგება, რაღაც ეტაპზე ჩვენი სტუდენტები უფრო კრეატიულები იქნებიან, ვიდრე სხვები და მათზეც გაიზრდება მოთხოვნა. ეს როგორ უნდა შეჩერდეს? - ჩემი აზრით, მარტივი ფორმულაა, რომ საქართველოში ბედნიერი ცხოვრება უნდა გვქონდეს. ამ პოლარიზაციამ, არასწორმა იდეოლოგიამ ჩვენ ყველა გაგვხადა პოლიტიკოსები ან ანალიტიკოსები და არავინ ვფიქრობთ იმ სოციალურ თემებზე, რომელიც უფრო მეტად სჭირდება ქვეყანას", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.