ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა მათ ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები დეტალურად გააცნეს, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში საერთაშორისო ფინანსური სანქციების სრული დაცვით განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური სანქციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს.
"სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 1 აპრილის პრესრელიზში გაკეთებული ჩანაწერიც ადასტურებს, იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს სანქციებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კომენტარი დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმაც გააკეთა და როგორც თავად აღნიშნა, სანქციების დაწესების მიზანი პუტინის საომარი მანქანის და რუსული ჯარის მოშლაა. სწორედ ამიტომ სასიხარულოა, რომ საქართველომ სათანადო ღონისძიებები გაატარა.




























