მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაკარგული ანაბრები" სახელმწიფო ვალის ნაწილი აღარაა - IMF

5fe0e64d703ef
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.20 00:10
8381
საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში “დაკარგული ანაბრები” სახელმწიფო ვალის სტატუსით აღარ განიხილება - შესაბამისი გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მიიღო.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, დაკარგული ანაბრები შიდა ვალის ნაწილს შეადგენს და მას "ისტორიული ვალი ეწოდება". ამ თანხის სავარაუდო მოცულობა 672 მილიონი ლარია, თუმცა ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ ეს ვალი ჯერაც დასაზუსტებელია.

BMG-ის კითხვას თუ რატომ მიიღო IMF-მა ეს გადაწყვეტილება ახლა, საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა, სელიმ ჩაკირმა უპასუხა. მისი განმარტებით, ეს თანხა მათი შეფასებით ვალს წარმოადგენს, თუმცა მისი განსხვავებული ფორმატის გათვალისწინებით, ის უშუალოდ სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი არ უნდა იყოს. ფონდის ახალი კლასიფიკაციის თანახმად, ეს არის “პირობითი ვალდებულება” (contingent liability), რომლის გასტუმრებაც მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება მოხდეს.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკის დეპარტამენტის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს “ისტორიული ვალი” სახელმწიფო სექტორის საბალანსო ანგარიშიდან ამოვიდა და ის ამჟამად განიხილება, როგორც “პირობითი ვალდებულება”. “ისტორიული ვალი” ძირითადად მოიცავს საბჭოთა დროის ბანკებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ შენახულ ანაბრებს,”- BMG-ის პასუხობს სელიმ ჩაკირი.

სახელმწიფო ვალის სტატისტიკიდან 672 მილიონი ლარის ამოღებას პირდაპირი შედეგი აქვს, ეს ვალის მოცულობის ფაქტობრივი მაჩვენებლის შემცირებაა. ამ შეფასებამდე IMF-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60.2%-ს მიაღწევდა, თუმცა განახლებული პარამეტრების მიხედვით, ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 59.1% იქნება.

როგორ დაიკარგა ანაბრები:

დაკარგული ანაბრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით კი მის პირველ ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პოლიტიკური საკითხი იყო. მოქალაქეთა დანაზოგების აორთქლებას ხელი შეუწყო როგორც თავად საქართველოს სსრ-ს შემნახველი ბანკის მიერ საპროცენტო ამონაგების შესახებ გაცემულმა შეუძლებელმა დაპირებებმა, ასევე მისი სამართალმემკვიდრეებისა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა არასწორმა ნაბიჯებმა.

საქართველოს მოქალაქეთა დანაზოგები საბჭოთა კავშირის შემნახველ ბანკებსა და სახელმწიფო დაზღვევის დაწესებულებებში ინახებოდა. 1991 წლის დასაწყისში, საქართველოს შემნახველ ბანკებში არსებული ფულადი სახსრები სსრკ სახელმწიფო ბანკის ანგარიშზე აღმოჩნდა. იმ დროისათვის შემნახველი ბანკების ანგარიშზე თანხების მოძრაობის სფეროში მოქმედი წესების შესაბამისად, 1991 წლის ბოლოსთვის, ფული კვლავ საქართველოს შემნახველი ბანკის ანგარიშზე უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა მათი დაბრუნება არ მომხდარა, რაც 1991 წლის მარტის რეფერენდუმის შედეგებს უკავშირდება. საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, თუმცა ქვეყანას საკუთარი ვალუტა არ გააჩნდა და მხოლოდ იმ ნაღდი ფულის ამარა დარჩა, რომელიც მის ტერიტორიაზე ბრუნავდა.

1992 წლის 20 ივლისს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა #747 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურებასთან დაკავშირებით ანაბრების ინდექსაციის შესახებ“. აღნიშნული თანხების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ბიუჯეტის ხარჯზე წელიწადნახევრის განმავლობაში.

სახელმწიფო საბჭომ 1992 წლის 3 აგვისტოს #14 დეკრეტის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომერციულ ბანკებში, 1992 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, ანაბრის ანგარიშზე მოთავსებული ფულადი სახსრების 100%-ით გაზრდის შესახებ. თუმცა, არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო შემოსავლების არარსებობის პირობებში მსგავსი დაპირების შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ 1993 წლის 14 აპრილს გამოიცა დადგენილება #284 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებებში ანაბრების საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შესახებ“. დადგენილებით დამტკიცდა და განისაზღვრა 1993 წლის 1 ივლისიდან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებებში არსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები6. „მოქალაქეთა ანაბრების ინდექსაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 18 ოქტომბრის #742 დადგენილებით, განისაზღვრა კომერციულ და სახელმწიფო კომერციულ ბანკებში, 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არსებული ანაბრების ინდექსაციის განხორციელების წესი.

„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ცალკეული კომპანიებისა და ბანკების მეანაბრეებისათვის საპრივატიზაციო ბარათების/ვაუჩერების/ გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 სექტემბრის #588 დადგენილებამ განსაზღვრა მეანაბრეთათვის 180 ათას აშშ დოლარამდე ნომინალური ღირებულების საპრივატიზაციო ბარათების გაცემის წესი, მათთვის ფინანსური ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით. საპრივატიზაციო ბარათების გაცემა უნდა დაწყებულიყო 1995 წლის 1 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრამდე. პროცესის განხორციელება მართლაც დაიწყო და 1995 წლის დეკემბრის მდგომარეობით გაიცა 38 305 ბარათი. ვინაიდან პროცესის რეალურად განხორციელებით დაიმედებულ მოსახლეობაში იზრდებოდა საპრივატიზაციო ბარათების მსურველთა რიცხვი, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ივნისის #373 ბრძანებულებით („ფინანსურად დაზარალებულ მეანაბრე-აქციონერთათვის საპრივატიზაციო ბარათების გაცემის ვადის გაგრძელების შესახებ“), ბარათების გაცემის ვადა გაგრძელდა 1996 წლის 15 ივნისამდე.

საქართველოს პარლამენტმა 1998 წლის 5 მარტს სახელმწიფო ვალის აღებასთან, საშინაო და საგარეო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან და სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითადი პრინციპების დადგენის მიზნით მიიღო კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“, რომელიც დღესდღეობით, ერთადერთი სამართლებრივი საფუძველია საბჭოთა ანაბრების ანაზღაურების მიმართულებით. სწორედ აღნიშნულმა კანონმა აღიარა საბჭოთა ანაბრები საქართველოს საშინაო ვალად და დასახა გასტუმრების ვალდებულება. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ეს ვალდებულება პირობითად 672 მილიონი ლარის ტოლია.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის მიერ მომზადებული კვლევა საბჭოთა ანაბრების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები