მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ტექნიკური და არა შინაარსობრივი შეჩერება“ - ეკა სეფაშვილი IMF-ის პროგრამის განხილვის გადადებაზე

64b53632f1b8f
ინგა მურუსიძე
17.07.23 19:00
663
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია. ფონდის ინფორმაციით, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამასთან, Fitch-ის ინფორმაციით, "სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება". ცნობისთვის IMF-ის მისია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ჯერ კიდევ განხილვის დროს აკრიტიკებდა. “საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის,”- აცხადებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონი.

“ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, რომელმაც „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება ტექნიკურია.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროგრამა არ არის შეწყვეტილი, მიმოხილვის წარდგენა გადაიდო, თავად სავალუტო ფონდის გვერდზე. ანუ, ტექნიკური შეჩერებაა და არა შინაარსობრივი. დანარჩენი ინტერპრეტაციები უბრალოდ ინტერპრეტაციებია. ეს არის ტექნიკური პრობლემებით შეჩერება და არა შინაარსობრივი“, - განაცხადა სეფაშვილმა.

რაც შეეხება Fitch-ის განცხადებას, რომ მიმოხილვის წარდგენის გადადება ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება, სეფაშვილი ამბობს, რომ „ეს არის მათი ინტერპრეტაცია, რაც მე ვფიქრობ, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია, რაც ოფიციალურად არის ცნობილი, არის ის, რომ ტექნიკური პრობლემების გამო მიმოხილვის წარდგენა გადაიდო. ათასგვარი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას და რასაც მეუბნებით, ალბათ, ესეც ერთ-ერთი ვარაუდია. დადასტურდება თუ არა, ამას ცოტა ხანში გავიგებთ“.

დეპუტატი ფიქრობს, რომ მიმოხილვის წარდგენას და ზოგადად, IMF-ის პროგრამას საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენ გავაკეთეთ ტექნიკური შესწორება მენეჯმენტში და ისეთი შესწორება, რომელიც პირიქით, ხელს შეუწყობს ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. რადგან, როცა ბანკის პრეზიდენტი არ არის, ან მოვალეობას ვერ ასრულებს, შეასრულოს მისი მოვალეობა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, IMF ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების მიმართ განხილვისთანავე კრიტიკული იყო, დეპუტატი პასუხობს, რომ კრიტიკული განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა დირექტორმა, თუმცა ამას ბანკის მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოყოლია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის შესახებ კანონს, ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებებში მსოფლიო პრაქტიკა არის გათვალისწინებული.

„კანონს რაც შეეხება, ერთადერთი სხვაობა, რაც ჩვენს ვარიანტს და პრეზიდენტის ვეტოს შორის [კანონზე] იყო, ჩვენს ვარიანტში პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის წესი განისაზღვრა, რაც არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკა მსოფლიოში. ნებისმიერ სამინისტროში, მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელიც როგორც წესი, მინისტრის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას - ეს იყო არსებითი სხვაობა [კანონში]“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები