მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეზერტირების ბაზრის" მოვაჭრეები 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ცნობებს ითხოვენ

5ee0f5a75a9c2
ელენე გოგბერაშვილი
10.06.20 19:30
2523
დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციისგან მოვაჭრეობის ცნობების მიღებას ითხოვენ. აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ, თუმცა მიუხედავად მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილისა, დამსაქმებელი ამ დრომდე უარს ამბობს საბუთის გაცემაზე.

არ გვაძლევენ ცნობებს. გვეუბნებიან, აი დღეს, ხვალ, იურისტები მუშაობენ. მესამე თვეა, რაც კორონავირუსია და რაც გამოცხადდა სახელმწიფო პროგრამა და 300 ლარს დაგვპირდნენ. ხომ უნდა მოგვცენ ცნობა?! ახალი ადმინისტრაცია 6 წელია რაც მოსულია, მე კი 27 წელია, რაც აქ ვვაჭრობ. 27 წელია გადასახადს ვიხდი, ბაჟი შემაქვს.

ადმინისტრაცია ამბობს, რომ იურისტებმა უნდა განიხილოს საკითხი, გასარკევიაო და დასაზუსტებელი რაღაც. ამასობაში კი მოვა 1 ივლისი, როცა პროგრამა დასრულდება. თუ მანამდე არ მივიღეთ დახმარება, მერე ვინ წავა და ვინ იჩივლებს. ვეჭვობთ, რომ კომპანიაზე სახემწიფოს მხრიდან არის ზეწოლა ან გადასახდები იმალება. იმალება, რასაც ვიხდით. აბა სხვა რაზე უნდა იფიქრო?“- აცხადებს bm.ge-თან ერთ-ერთი მოვაჭრე.

ადმინისტრაციის ჯიბიდან ხომ არ ვითხოვთ კომპენსაციებს?! გვეკუთვნის და უნდა მოგვცენ შესაბამისი ცნობა. ჩვენ ხომ გადასახადებს ვიხდით ყოველდღე. გვეუბნებიან, ვითომ დირექტორი არ არის, მარტო დირექტორის ხელის მოწერა უნდა და ის კი არ ჩანს, ორი კვირაა ეს პროცესი გრძელდება. არავინ ჩანს, არ გვაძლევენ ცნობებს“, - აცხადებს კიდევ ერთი მოვაჭრე.

მიზეზი არ ვიცით, რის გამო ამბობენ უარს, თავიდან თანახმა იყვნენ, პასპორტებიც მიგვატანინეს. მერე უარი განუცხადებიათ, ეგეც დღეს გავიგეთ, მიზეზი კი არ ვიცით. გადასახადებსაც ვიხდით, აბა, ისე აქ ვინ გააგჩერებს. გვეკუთვნის დახმარება, რადგან 2 თვე სახლში ვიჯექით, რომ იტყვიან გაჭირვებაში გავიარეთ ეს პერიოდი. სახელმწიფოს თუ ჩვენი დახმარება უნდა, ძალას დაატანს ხელმძღვანელობას და მოაცემინებს ცნობებს. ვფიქრობ, ზეწოლაა მთავრობიდან, აბა თუ აქამდე იყვნენ თანხმა, ახლა რა დაემართათ?“ - ამბობს თბილისის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრე.

დღეს ბაზრის ტერიტორაზე გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. მათ ადმინისტრაციას 3-დღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ ყველა იურიდიული პროცესი ბოლომდე მიიყვანოს, ასეთის შემთხვევაში, რათა მოვაჭრეებმა კუთვნილი დახმარება მიიღონ.

როგორც bm.ge-ის ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა, მსგავი პრობლემის წინაშე სხვა აგრარულ ბაზრობებში დასაქმებული ადამიანებიც არიან.

დეზერტირების ბაზარი არ არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც დასაქმებულებს აქვთ მსგავსი ტიპის პრობლემები. პრობლემები გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაცია არ გასცემს შესაბამის დოკუმენტს, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ მათ ტერიტორიაზე. უბედურებაა, რომ არ შეუძლია სახელმწიფოს იდენტიფირება ვინ იყო დასაქმებული და ვინ - არა. ირიბად ესენი გადასახადს მაინც იხდიან, მათი ნაშრომიდან გადასახადები მაინც შედის ბიუჯეტში და დაქირავებულისგან განსხვავებით ვერ სარგებლობენ იმ შეღავათით, რასაც ბიუჯეტი გასცემს და ესეც ეს შემთხვევაა. სახელმწიფომ უნდა გამოავლინოს შესაბამისი ქმედებები, ეს იქნება შრომის ინსპეცია, სოცსააგენტო თუ სხვა“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

მისი თქმით, თბილისის ცენტრალურ ბაზარში  მხოლოდ 121 მოვაჭრის იდენტიფიცირება მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის მიღების სურვილი გაცილებით მეტმა გამოთქვა, თუმცა ადმინისტრაცია მათ არ ადასტურებს.

ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ არ გავცემთ ცნობებს ამ დამიანებზე. ეს აჩენს ეჭვებს ან ამ თანხების გაცემა არ უნდა ვინმეს ან გადასახადებს მალავდნენ და ეშინაით, რომ ამდენი ადამიანის გამოვლინება რომ მოხდეს, ცხადი გახდება, რომ რეალური გადასახადი იყო ბევრად მცირე, რასაც იხდიდნენ“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში 850 ათასამდე ადამიანია თვითდასაქმებული.

9 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირებული კომპენსაციის მიმღები 127 472 თვითდასაქმებულიდან 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო 66 685 პირმა. ეს ინფორმაცია bm.ge-ის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში მიაწოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები