მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია" - პრემიერი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორს შეხვდა

63720d827538f
ინგა მურუსიძე
14.11.22 14:21
637
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.

"პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, “ნენსკრა -ჰესი” მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ჰესის მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს,"- ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის ვადები უკვე არაერთხელ დაირღვა, ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის მაისში გააკეთა. თავად ჰესის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, ხოლო პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1.05 მილიარდი დოლარია. 

2015 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში “ნენსკრაჰესის” 280-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა “იწყებოდა”. ამ განცხადებიდან თითქმის შვიდი წელი გავიდა და პროექტი, როგორც ფინანსური პრობლემების, ასევე მოსახლეობის პროტესტის და პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო შეჩერებულია.

ბოლო მონაცემებით, "ნენსკრაჰესის" მშენებლობის დასრულების შესაძლო თარიღმა 2027 წლისთვის გადაინაცვლა.

"ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.

თავად "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტის პროტესტის ფონზე, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რატომ არის ნენსკრას სადგურის მშენებლობა შეჩერებული.