მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან დიდ შესაძლებლობას ვკარგავთ, გავიდეთ ტურისტების ახალ სეგმენტზე“– „ბუდე“

642aa034409e0
ნანუკა ნარიმანიძე
10.04.23 21:00
871
"მესტიაში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი არაბი და აზიელის სტუმარი შემოდის. ჩემი აზრით, საქართველოსთვის ის პერიოდია, როდესაც სწორედ ეს ადამიანები იწყებენ ქვეყნის გაცნობას, იმ პრობლემებით კი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან დიდ შესაძლებლობას ვკარგავთ, გავიდეთ ტურისტების სრულიად ახალ სეგმენტზე“, - ამის შესახებ რესტორან „ჩაიბუდეს“ და სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელმა თათია თეთრაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სვანეთში სასტუმრო ბიზნესის წარმოება ბევრ პრობლემას უკავშირდება.

„ჩვენი მთავარი წინაღობა პანდემია იყო, ჩვენ ბანკიდან ეტაპობრივად დამტკიცებულ თანხას ვიღებდით, პანდემიის დაწყების შემდეგ კი ბანკმა ამის შესაძლებლობა შეგვიჩერა და, ფაქტობრივად, შუა პროცესში მოგვიწია სასტუმროს მშენებლობის შეჩერება, გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ პრობლემას გადააწყდა, როგორც რესტორანი, ასევე სასტუმრო, მთავარ პრობლემად ელექტროენერგია რჩება, რომელმაც მთელი ზამთარი ძალიან გაგვაწვალა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, არანაირ გადაჭრის გზებზე არ საუბრობენ“, - განმარტა მან.

ამასთან, თათია თეთრაშვილმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტის პრობლემაც აქტუალურია, ვინაიდან რესტორანში და სასტუმროში დასაქმებული ადამიანები მესტიაში, ან ახლო სოფლებში ცხოვრობენ და სახლიდან სამსახურში მისვლა უჭირთ.

გარდა ამისა, დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მთლიანად ზაფხულის სეზონზეა ორიენტირებული.

„აქტიურად ვემზადებით ზაფხულის სეზონისთვის, განსაკუთრებით გარე სივრცეზე ვაკეთებთ აქცენტს, ამისთვის, ფაქტობრივად, ყველაფერი მზად გვაქვს, ასევე, ვმუშაობთ მენიუში საზაფხულო ელემენტების შეტანაზეც“, - ამბობს ის.

ცნობისთვის: მესტიაში სასტუმრო „ბუდე“ 2020 წელს 400 000 ლარიანი ინვესტიციით გაიხსნა და ამჟამად 11 კოტეჯს აერთიანებს. კოტეჯები სხვადასხვა ადგილიანია, სადაც ერთი ნომრის ღირებულება 150 ლარიდან იწყება და 370 ლარამდე აღწევს. რესტორანი „ჩაიბუდე“ 2022 წელს 30 000 ლარიანი ინვესტიციით გაიხსნა და მას ერთდროულად 25 სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმრო და რესტორანი 6 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები