მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალიან მიჭირს ჩემი ინვესტორების დარწმუნება, რომ ჯანდაცვაში ინვესტირება გააგრძელონ" - ნიკოლოზ გამყრელიძე

6089be006dd7f
თამთა ჯიჯავაძე
28.04.21 23:55
3198
ძალიან მიჭირს ჩემი ინვესტორების დარწმუნება, რომ გააგრძელონ ინვესტირება სექტორში, - ამის შესახებ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანას არ აქვს ერთიანი გრძელვადიანი ხედვა.

„მე წარმოვადგენ კომპანიას, რომელიც ყველაზე მსხვილი ინვესტორია დღეს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში. ჩემთვის როგორც ინვესტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა. არ არსებობს ხედვა თუ როგორი ჯანდაცვა გვინდა გვქონდეს შემდგომი თუნდაც 5 წლის განმავლობაში. მე მესმის, რომ ჩვენნაირ განვითარებად ეკონომიკაში 10- 15- და 20-წლიან გეგმებზე საუბარი რთულია და ნაკლებად რელევანტური იქნება, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ 5-წლიან გეგმაზე, თუმცა, ამაზე არ ვსაუბრობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ინვესტორს ქვეყანა გარკვეულ „თამაშის წესებს“ შესთავაზებს, ინვესტორს შეუძლია გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღოს, მაგრამ როდესაც ხედვა არ არსებობს, გადაწყვეტილების მიღება რთულია.

ნიკოლოზ გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ინვესტორების დარწმუნება რომ ჭირს, ეს გასულმა წელმაც დაადასტურა. „შარშან ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო. ბოლო ხუთი წელი 50-60 მლ ლარის ინვესტიციას ვახორციელებდით, გასულ წელს კოვიდის გამო ეს ინვესტიცია ჩამოვწიეთ დახლოებით 20 მლნ ლარზე. 40 მლნ ინვესტიცია რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნიდა“, - დასძინა მან.

გამყრელიძე ამბობს, რომ წელსაც იგივე განწყობაა, ვინაიდან ტაქტიკური ნაბიჯები არ ჩანს. „ჩვენ დიდი მოთამაშე ვართ და გაცილებით მოქნილი ვართ, რომ მორგება შევძლოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს რა არის ეს თამაშის წესები, თუმცა, სამწუხაროდ არ გვესმის“, - აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები