საქართველოს მთავრობას 11 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა საპრივატიზაციოდ გამოაქვს. საუბარია სახნავი და სათიბი კატოგორიის სახელმწიფო მიწებზე, რომელიც კერძო სექტორს იჯარით აქვს აღებული. სახელმწიფოს მიზანია, აღნიშნული მიწები დაახლოებით 2200-ზე მეტი ფერმერის ხელში გადავიდეს, ამიტომ მთავრობა მოიჯარეებისთვის 10 ჰექტარზე მეტი მიწის გამოსყიდვის შეზღუდვას აუქმებს.
მთავრობის გადაწყვეტილებითვე, თუ აქამდე გამოსყიდვის უფლება დაშვებული იყო მხოლოდ იჯარით გაცემულ, „სახნავი“ კატეგორიის მიწებზე, ამას ემატება „სათიბი“ კატეგორიაც.
სოფლის მეურნოების მინისტრის ყოფილი მოადგილე, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, საეჭვოა, რამდენად შეიძლება შექმნას დოვლათი ამ ტიპის მიწების პრივატიზაციამ, რასაც სახელმწიფო პირდაპირი მიყიდვის ფორმით კერძო მესაკუთრეებს გადასცემს.
„შეიძლება მორიგი შეცდომა დავუშვათ... ბრუნვაში შემოვიტანთ მიწის ფართობს, რომელიც კვლავ არაფერს მოგვცემს. ჩვენ არ ვიცით ამ მიწის ხარისხი, წარმოდგენა არ გვაქვს მის შეფასებაზე. უკვე პრივატიზებული მიწები, რომელშიც ძირითადად სახნავი ფართობი შედის, გვაქვს საუკეთესო და საშუალო დონის მიწები. ეს მიწები კი, არის საშუალო დონის და ცუდი მიწები. ჩვენ შემოგვაქვს ეკონომიკაში საშუალო და ცუდი, მაშინ, როცა კარგით ვერ მივაღწიეთ შედეგს. ამას სჭირდება უფრო დახვეწილი, მიზნობრივი მიდგომები. სამწუხაროა, რომ ჩვენთან სოფლის მეურნეობა შედეგზე ორიენტირებული არ არის“-აცხადებს ცოფურაშვილი.
სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტს მათ შორის კითხვები აქვს მიწის შეფასებასთან დაკავშირებითაც. ცოფურაშვილი ამბობს, რომ სახნავ-სათიბი მიწების კაპიტალიზაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ფასი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს "არაკვალიფიციური სპეციალისტები" ადგენენ და მისი სამინისტროში მუშაობის დროს ამ კუთხით სხვა ინიციატივები მუშავდებოდა.
„მე ვიცნობ ძალიან ბევრ პრაქტიკულ მაგალითს აღმოსავლეთ საქართველოში, როცა მაღალი იჯარები დაუწესეს ფერმერებს, ეს ხალხი კი ვერ იხდის ამ იჯარებს. ცალკე პრობლემაა კიდევ მიწის შეფასება, მისი ღირებულება - საბაზროც, პერსპექტიულიც. ამ მიწების კაპიტალიზაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა მიწაზეა საუბარი... ბევრმა აიღო, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწიეს, უმეტესეობა ასეთია. ჩვენ უნდა გვქონდეს ყოველწლიური ანალიზი, ვიცოდეთ სად ვართ, რას ვაკეთებთ და რა გვინდა. ასე ინერციით, ასე პრიმიტიულად ამ პროცესში წინსვლა რეალურად უკუსვლას ნიშნავს.
იყო მუშაობა იმაზე, რომ ზონალურად დადგენილიყო საბაზრო ფასი, გადასახადი მიწის ხარისხიდან გამომდინარე დიფერენცირებული ყოფილიყო. როცა მექანიზმი მოამზადეს, მაშინ მინისტრის მოადგილე ვიყავი, ეს მექანიზმი იყო არასრულყოფილი და დაანება თავი მაშინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ ამ საქმეს.
დღეს მოქმედებს სამხარაულის დადგენილი ფასი, რაც არაკვალიფიციურია. ფასს ადგენენ არასწორად, არ არის გაანგარიშებული სხვადასხვა ელემენტი და არის საკმაოდ მაღალი ფასი, რაზეც ფერმერები საუბრობენ.
ამოცანა ის კი არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ადამიანებს მაღალი ღირებულებით შევასყიდინოთ ეს მიწები, არამედ ის, რომ ეს ადამიანი იყოს მომზადებული, მიიღოს მაქსიმალური ბენეფიტი, მასტიმულირებელი პოლიტიკა ქვეყნისგან, რომ რეალურად რაღაც გააკეთოს“-აცხადებს ცოფურაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 2,5 მილიონზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, საიდანაც 800 ათასი სახნავ მიწად ითვლება, დანარჩენი კი საძოვრებია. ეს რიცხვები ზუსტი არ არის და შეიძლება დაახლოებით ასახავდეს რეალობას, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო მიწების რესურსის აღრიცხვა 2004 წლის შემდეგ აღარ უწარმოებია. რამდენი მიწაა კერძო და რამდენი სახელმწიფო საკუთრებაში კიდევ კარგა ხანს არ გვეცოდინება, რადგან მიწის აღრიცხვის რეფორმის დასრულება, რომელიც 2016 წლის აგვისტიდან დაიწყო, დროში რამდენჯერმე გადავადდა. ამჯერად ბოლო დედლაინი მთავრობას 2024 წლამდე აქვს.