მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს... ეს იმპორტის ჩანაცვლების სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია“

61921903c03f2
ვიქტორია მღებრიშვილი
15.11.21 12:29
814
საქსტატის 2021 წლის ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოუეთში $411 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 31.3%-ით აღემატება. რაც შეეხება იმპორტს მისი მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბერში 904 მლნ დოლარი შეადგინა, ეს წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია.

საგარეო ვაჭრობის კომპონენტების ზრდა ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა საკმაოდ დადებითია.

"თუმცა თუ შევადარებთ 2019 წლის ანუ პანდემიამდელი წლის ოქტომბერს აქაც ზრდა თითქმის 29%-ია“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში იმპორტთან შედარებით ექსპორტის „წინმსწრები ზრდა გვაქვს, რაც საქართველოს მთავრობის იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკით არის განპირობებული.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ იმპორტისას სერიოზულად გადააჭარბა; როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, საგარეო სავაჭრო ბრუნვა და მისი ორივე კომპონენტი იზრდება, როგორც ექსპორტი ასევე იმპორტი, თუმცა ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს ანუ თუ ექსპორტი გაიზარდა 31.4%-ით, იმპორტის ზრდა მხოლოდ 24%-ია. ამას აღვნიშნავთ, რადგან ჩვენმა პოლიტიკამ შედეგები გამოიღო, რომელიც იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზეა მიმართული. ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგია, რომ ექსპორტი გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება.

„ექსპორტის ზრდა მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში დიდი შემომტანია და ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს კარგი საფუძველია იმისა, რომ ჩვენი პროგრამების მეშვეობით სიღარიბის დაძლევას მივაღწიოთ და მეტი დასაქმება შევქმნათ“, - თქვა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები