"რა თქმა უნდა, კარგია, თუ ბიზნესს სჭირდება უფრო ნაკლები ქრთამის გადახდა", – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა BM.GE-ისთან ინტერვიუში მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველომ კორუფციისაგან თავისუფლების კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით, კარგი შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა.
ბედინეიშვილის თქმით, ქრთამის გადახდის თვალსაზრისით, უკვე წლებია საქართველოში გაუმჯობესების დინამიკა არის და ამ კუთხით „დიდი გარღვევა“ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისი იყო.
„ახლა საკმაოდ კარგ პოზიციებს ვიკავებთ. ვფიქრობ, აქ პრობლემა სხვა გვაქვს – ეს არის ბიზნესის თავისუფლების ნაკლებობა და ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩარევები ბიზნესში. ასევე, რეგულაციების გაზრდა და მარეგულირებლების უკონტროლო მოქმედებები, რომელიც ასეთ კვლევებში არ ჩანს", – აღნიშნა ბედინეიშვილმა. მისივე თქმით, "ერთი ასპექტით თავის მოწონება არ არის სწორი და დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს".
„ეკონომიკა ძალიან მძიმე დღეშია, არამხოლოდ კორონავირუსის გამო, მანამდეც მძიმე დღეში იყო. საშუალო ეკონომიკური ზრდა წლების განმავლობაში ძალიან დაბალია, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ საინვესტიციო გარემო არ არის ქვეყანაში ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ასე რომ, ერთ პატარა ასპექტს „ჩამოვეკიდოთ“ და ეს ვაფრიალოთ, მგონი, არ არის სწორი. ვფიქრობ, დიდ სურათს უნდა შევხედოთ“, – დასძინა ფინანსისტმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა კორუფციის სხვადასხვა ფორმებზე, რომელიც ქვეყანაში კვლავ პრობლემაა:
„კორუფცია სხვადასხვანაირ ფორმებს იღებს. შეიძლება, ბიზნესს არავინ სთხოვს პირდაპირ ქრთამის გადახდას, მაგრამ როდესაც ტენდერების გარეშე ბიზნესებზე კონტრაქტები გაიცემა, შემდეგ ეს ბიზნესები „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ყულაბაში ფულს შეუტანს სხვადასხვა მექანიზმებით, ასეთი სქემები ამ კვლევებით „არ დაიჭირება“. კი ბატონო, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამით თავი მოიწონოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკა მძიმე დღეში გვაქვს“, – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
ფინანსისტმა, ასევე, ისაუბრა იმაზე იმაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა ბიზნესი ყოფილიყო გულწრფელი მსოფლიო ბანკის კვლევის დროს.
„ფაქტია, რომ ივანიშვილის სისტემა და მიდგომა ასეთია, რომ მსხვილი ბიზნესი რაც შეიძლება ახლოს და კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეს. თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ხარ და ივანიშვილი პოზიტიურად არის შენდამი განწყობილი, შემდეგ ვალდებულება გიჩნდება, რომ გამოხვიდე და ილაპარაკო, თუ რა კარგად არის ქვეყანაში მდგომარეობა. ამიტომაც ვფიქრობ, პროპაგანდის მიღმა უნდა შევხედოთ სიტუაციას.
არ მინდა ვისპეკულირო, რომ ვიღაც ბიზნესმენი არაგულწრფელი იყო, თუმცა, ბევრი შემთხვევა გვინახავს, ბიზნესი რომ შეშინებულია და ოპოზიციას არ აფინანსებს. ეს ვიცით. ბიზნესი რომ მართლა თავისუფალი არ არის, ეს ფაქტია, მაგრამ თავად ბიზნესისგან იმას არ უნდა ველოდეთ, რომ გვითხრას ეს. არათავისუფალი ბიზნესის მთავარი მაჩვენებელი ის არის, როცა ამბობენ, რა კარგად არის სიტუაცია ქვეყანაშიო“, – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, ვინც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდა ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 10%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%-ია.