„ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებით ვერც მედპერსონალის მდგომარეობა გაუმჯობესდება და ვერც კადრების გადინება შეჩერდება.
მისი შეფასებით, სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეულ ხელფასს ეკონომიკური ზრდა განაპირობებს და არა ბიუროკრატიული გადაწყვეტილება.
„მინიმალური ხელფასის დაწესება არის იმ რეგულაციური სპირალის ნაწილი, რომელშიც შევიდა ჯანდაცვის სამინისტრო და რომელიც არის პოპულიზმთან ახლოს მყოფი კეთილი სურვილებით მოფენილი გზა ჯოჯოხეთისკენ. რეალური და ღირსეული ხელფასი სამედიცინო პერსონალისთვის უნდა დააწესოს კარგმა ეკონომიკურმა ვითარებამ როგორც ჰოსპიტლებში, ისე ზოგადად კარგმა ეკონომიკურმა ზრდამ. ხელოვნური მინიმალური ხელფასის დაწესება არ იქნება რეალური შეღავათი ჩვენი ექიმებისა და ექთნებისთვის. გარდა ამისა, ამით ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც გაცხადებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ შეამციროს კადრების გადინება საქართველოდან.
გამოსავალი არის რეალურ ეკონომიკურ ზრდაში, ხარჯების ოპტიმალურ განაწილებაში, კონკურენციის გაზრდაში, სადაზღვეო კომპანიების ჩართვაში და არა ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებაში. ეს არის ჭიქაში ხელოვნურად ატეხილი ხმაური, რომელსაც ძირითადად პოლიტიკური მიზნები აქვს, ვიდრე ჩვენი კოლეგების ხელშეწყობა“, - თქვა ვახტანგ კალიანმა BMG-სთან.
ცნობისთვის, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა. ამასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციას 2023 წლიდან ახალი მანდატი დაემატა - რამდენად ასრულებენ კლინიკები დადგენილ რეგულაციას, საკითხს შრომის ინსპექცია შეისწავლის.