მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის.." - მინისტრი რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტზე

6225d4571228e
ინგა მურუსიძე
07.03.22 14:42
1236
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაშვებული იქნება. გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ 5 მარტს მიიღო.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მედია დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ „საკითხი დახურულია“.  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია კი ამბობს, რომ რუსულ ბაზარზე რძის პროდუქტების გატანის შესახებ მიმართვა 15-მა კომპანიამ 2020 წელს გააკეთა, ხოლო პასუხი ახლა მიიღეს.

“სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ დაინერგოს სტანდარტები, რაც საჭიროა ქართული პროდუქტის ექსპორტთან დაკავშირებით ევროკავშირში. გვაქვს კონკრეტული შედეგიც, ევროკავშირში დაშვებულია თაფლი, შარშან უპრეცედენტო რაოდენობის თაფლი გავიდა ევროკავშირში.

ამ პროცესის გაგრძელებაა საკითხი, რაც რუსეთში და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში სურსათის პროდუქტების ექსპორტს ეხება. ამ საკითხზე ბევრი სპეკულაციაა და მინდა ვუპასუხო. პროცესი დაიწყო კერძო კომპანიების თხოვნით, 2020 წელს. დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გავგზავნეთ დოკუმენტები, ხოლო ამის შემდეგ რუსეთთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. საუბარია 15 კომპანიაზე. რამდენიმე დღის წინ რუსეთისგან პასუხი მივიღეთ, რომ ბაზარი ღია იქნება. ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ მეტი წარმოება, ბოლომდე ამუშაონ თავისი სიმძლავრეები და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რამდენად განიხილება რუსული ბაზარი კვლავ შესაძლებლობად ქართული კომპანიებისთვის, ოთარ შამუგიამ უპასუხა:

„პრემიერის და ხელისუფლების ყველა შტოს მიერ ცალსახად არის გაცხადებული და არ შეიძლება ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ეს ურთიერთობა ამ ეტაპზე არსებობს და ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ამ საკითხს და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები