მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს დადგენილება კერძო მესაკუთრის მიერ აუცილებლად სადაო გახდება"

63e29ff889a8a
ალა ისპირიანი
08.02.23 00:37
6575
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების წესში ცვლილება შევიდა. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი ხდება, თბილისის მთავრობის თანხმობით, განიხილოს ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს და ახალ კორპუსს არა იმავე ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. ამისთვის მას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სამშენებლო სამართლის დოქტორმა, უჩა ზაქაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა და განმარტა, რომ ძველ შენობებში ნამდვილად არის პრობლემა, როდესაც ზოგი ფართი აღრიცხული არ არის, რაც ამ ტიპის ჩანაცვლებას აფერხებს, მაგრამ თავად დადგენილება საქართველოს და საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს კერძო საკუთრების უფლებასთან მიმართებაში ვერ პასუხობს.

„საკრებულოს ეს დადგენილება ვერ უპასუხობს არა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ საქართველოს და საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს, კერძო საკუთრების უფლებასთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ ამბობს რომ საკუთრების უფლება მხოლოდ კანონით შეიძლება შეიზღუდოს. კანონქვემდებარე აქტით, როგორიც საკრებულოს დადგენილებაა ასეთი უფლება მოსილებმა გაწერილი არ არის და მას ამის უფლება არ გააჩნია. იმისთვის, რომ ეს დადგენილება ლეგიტიმური ყოფილიყო შესაბამისის ცვლილებები შესაბამის კოდექსებში უნდა შესულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა საკრებულო ამ გადაწყვეტილების მიღებას“, - ამბობს უჩა ზაქაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნულ დადგენილებას იურიდიული ძალა მანამ ექნება, სანამ ვინმეს მიერ სადაო არ გახდება.

„ჩემი აზრით ეს დადგენილება რომელიმე კერძო მესაკუთრის მიერ აუცილებლად სადაო გახდება და მისი მოქმედება ან შეჩერდება ან გაბათილდება. ეს დადგენილება, რომ კანონიერი იყოს ექსპროპრიაციის კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს და ეს ამ კანონმდებლობისგან ძალიან შორს არის.

აქვე განმარტავ, რომ ძველ შენობებში ნამდვილად პრობლემაა, რომ ზოგი ფართი აღრიცხული არ არის ან საბუთებია დაკარგული, რაც ამ ტიპის ჩანაცვლებას ან საინვესტიციო პროექტის განხორციელებას აფერხებს, ეს რეალური პრობლემაა, თუმცა ამისთვის არსებობს კანონით დადგენილი სამართლიანი პროცედურები, რომლის დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს, თორემ მიზანი ლეგიტიმურია“, - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები