მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპული მომავალი რომელიმე პარტიის კუთვნილება არ არის" - მიხეილ მირზიაშვილი

62cf10a406e81
ალა ისპირიანი
14.07.22 01:05
642
„ევროინტეგრაციის პროცესზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი“, - ამის შესახებ CDD-ს თავმჯდომარემ და ექსპერტმა ევროინტეგრაციის საკითხებში მიხეილ მირზიაშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, საზოგადოების დაკვეთაა, რომ პარტიებმა თავიანთი პარტიული ამბიციები უკან გადაწიონ და ამ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლონ.

„ვინც ამბობს, რომ ჩვენ იმიტომ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომ ევროპას ჩვენი ომში ჩართვა სურს, - ცდება. ჩვენ ასოცირების შეთანხმება გვაქვს, სადაც წერია, რომ საქართველო და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ კონფლიქტი, რომელიც საქართველოშია (იგულისხმება ორი ოკუპირებული რეგიონი) მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ევროკავშირი საქართველოში ყველაზე დიდი კონტრიბუტორია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. კიდევ უფრო სავალალოა, როცა ასეთ განცხადებებს ის პირები აკეთებენ, ვინც ევროინტეგრაციის საკითხებში კომპეტენტური უნდა იყვნენ.

ევროინტეგრაციის პროცესზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი. ეს იყო მთავრობის წარუმატებლობა, რომ საქართველომ მსგავსად უკრაინისა და მოლდოვასი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. საქართველოს მთავრობაა ამ პროცესზე პასუხისმგებელი.

მე რუსთაველზე იმის დასადასტურებლად ვიყავი, რომ ევროპული მომავალი რომელიმე პარტიის კუთვნილება არ არის და ეს უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე რომელიმე არჩევნებზე ერთი მიცემული ხმა. დემონსტრაციები ამის დასტური იყო და ის, რომ პარტიებიც უკან იყვნენ დახეული იმას მიანიშნებს, რომ საზოგადოება პარტიებს სთხოვს უკან გადაწიონ თავიანთი პარტიული ამბიციები და ამ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლონ. ვთვლი, რომ საზოგადოების შეკვეთაა, პარტიებმა ითანამშრომლონ", - განაცხადა CDD-ს თავმჯდომარემ და ექსპერტმა ევროინტეგრაციის საკითხებში მიხეილ მირზიაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ 24 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მათთან ერთად ევროპული პერსპექტივა საქართველომაც მიიღო, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ ჯერ 12 წინაპირობა უნდა შეასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები