"ვნერგავთ კონტროლის სხვადასხვა სისტემას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ფარმაცევტული ბაზარი სრულად გაკონტროლდეს", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული იმას ემსახურება, რომ მოსახლეობას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომი ფასები ჰქონდეს.
"15 იანვარს მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები გამოვაქვეყნეთ, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ბაზრის ნაწილს მოიცავს, რადგან პირველ ეტაპზე დაკვირვების რეჟიმში ვართ და რამდენიმე თვე ასე გაგრძელდება. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, იყოს ხელმისაწვდომობა, გაიაფებულ მედიკამენტებთან ერთად, ასევე ჩვენი პროგნოზით, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 40 პროცენტამდე ექნება მოსახლეობას შეღავათი ამ მედიკამენტებზე. საერთო ჯამში, რასაც ხარჯავდა მოსახლეობა, დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლებს დახარჯავს. არის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მაგალითები, რომელიც ჩვენთან გადმოვიტანეთ. გავითვალისწინეთ ყველა შესაძლო პრობლემა, რაც იმ ქვეყნებს შეექმნათ, ასევე ჩართული იყვნენ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები. პირველ ეტაპზე შევარჩიეთ ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ყოველდღიურად გამოყენებადი მედიკამენტები, რომლებიც ქრონიკული და ონკოლოგიური ტიპის მედიკამენტებია.
ასევე, კონტროლის და მონიტორინგის სხვადასხვა ბევრ სისტემას ვნერგავთ, რომელიც ერთობლიობაში შესაძლებლობას მოგვცემს, სრულად გაკონტროლდეს ბაზარი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომი ფასები. ეს არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს თითოეული მოქალაქე თავის თავზე დაინახავს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.




























