მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფერმის რეაბილიტაციას ვიწყებთ, საწყისად 0.5 მლნ-ს ჩავდებთ" - მიდიებისა და ხამანწკების აკვაფერმა

63049ae258d00
მარიამ იზორია
24.08.22 00:00
1398
შეკვეთილში მდებარე მიდიებისა და ხამანწკების აკვაფერმა Maricultura Georgia სექტემბრიდან განახლებას გეგმავს. კომპანია პროექტისთვის საწყისად 0.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც Maricultura Georgia-ს დამფუძნებელი მამუკა მიქაშავიძე BM.GE-სთან აცხადებს, შტორმების გამო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ, ამას გარდა ფერმის რეაბილიტაციით წარმოება უფრო დაცული გახდება, რათა წყალში მოსავლის მოპარვის ფაქტები აღმოიფხვრას. ამასთან, კომპანია წარმადობას გაზრდის და თუ აქამდე 4 ტონამდე მიდიებსა და ხამანწკებს იღებდნენ, განახლებულ ფერმაში მოსავლის მოცულობა 50 ტონას მიაღწევს.

მისივე განმარტებით, კომპანია გაფართოების მიზნით, პარტნიორების მოძიების პროცესშია, რომლებიც ამ ინდუსტრიაში ფულის ჩადებით იქნებიან დაინტერესებული.

„სექტემბრიდან ფერმის რეაბილიტაციას დავიწყებთ. საწყისად ნახევარ მილიონს ჩავდებთ. ახლა თუ ოთხი ას მეტრიანი ხაზი გვაქვს, რაოდენობას ათამდე გავზრდით, შეკვეთილი გვაქვს ახალი თოკები, რომლებსაც წყალქვეშ განვათავსებთ, ასევე სხვადასხვა აღჭურვილობა, რომლითაც ფერმა უფრო დაცული იქნება, რეაბილიტაციას გავუკეთებთ ბადეებსაც. რადგან კანონმდებლობით ვერ ვიცავთ მოსავალს, ამას ჩვენი ძალებით შევეცდებით, გემსაც დავაყენებთ, რომელიც ტერიტორიაზე მისვლის საშუალებას არავის მისცემს. ამას ზამთრის განმავლობაში გავაკეთებთ, გაზაფხულისთვის კი მიდიები უკვე უნდა გვყავდეს.

საბოლოოდ, მოსავლის რაოდენობას 50 ტონამდე გავზრდით. ფერმის რეაბილიტაცია საშუალებას მოგვცემს ზუსტი რაოდენობები განვსაზღვროთ, ადგილობრივ ბაზართან ერთად კი საექსპორტო მოთხოვნაც დავაკმაყოფილოთ, რადგან ექსპორტის მიმართულებით რუსეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან დიდი დაინტერესება გვქონდა, მოლაპარაკება არასაკმარისი მოსავლის გამო შევაჩერეთ“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები