მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფოთში საპორტო მოსაკრებელი $20 ათასია, ბალტიის ზღვის პორტებში კი $3 ათასი" - რატომაა ძვირი ქართული პორტები?

61c3449db9f53
სალომე მეცხვარიშვილი
22.12.21 23:25
2697
საქართველოს ნავსადგურების მომსახურება ძვირია - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი bm.ge-სთან აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს, კონკურენციას ვერ უწევს ალტერნატიულ დერეფნებს, რომლითაც ტვირთები მაგალითად რუსეთის გავლით გადაიზიდება. პრობლემა ძირითადად მაღალი ფასებია. ერთია ზოგადად დერეფნის კონკურენტუნარიანობა და მეორე უშუალოდ ქვეყნის. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გადაზიდვები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მეზობელ ან შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, რაც დამკვეთებისთვის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია.

“საპორტო მოსაკრებლების თვალსაზრისით საქართველოს ნავსადგურები ერთ-ერთი დაბალკონკურენტულია. თუნდაც რომ შევადაროთ, საპორტო მოსაკრებელი - საბორნე გემით ფოთის ნავსადგურში შემოსვლა 20.5 ათასი დოლარი ჯდება, როცა იგივე გემი ბალტიის ზღვაზე 3 250 დოლარს იხდიდა, ანუ თითქმის 5-ჯერ მეტია საპორტო მოსაკრებელი. ჩინეთიდან ფოთში რომ მოვიდეს ერთი კონტეინერი დაახლოებით 15%-ით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ანალოგიური კონტეინერი თუნდაც ნოვოროსისკის ნავსადგურში და 10%-ით ძვირი, ვიდრე ოდესის ნავსადგურში.

რაც შეეხება ნავსადგურებში ჩატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოებს, მაგალითად ერთი ტონა ხორბლის დამუშავება ფოთის ნავსადგურში 10 დოლარი ჯდება და იგივე ერთი ტონის დამუშავება აქტაუს ნავსადგურში, რომელიც ჩვენი დერეფნის შემადგენელი ნაწილია, 2.5 დოლარი, უკრაინაში კიდევ უფრო ნაკლები - 1-1.5 დოლარი ჯდება. ჩვენი დერეფნის სიგრძე მთლიანად სატრანსპორტო დერეფნის 5%-ია, შეიძლება იფიქროთ, რომ გავლენა არც კი გააჩნდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. როცა ერთი ქვეყანა აძვირებს მომსახურებას, ამას გადადინების ეფექტი აქვს სხვა ქვეყნებზეც და მთლიანობაში ეს სატრანსპორტო დერეფანი ძვირდება.

ფოთის ნავსადგურში კონტეინერის დამუშავება დაახლოებით 400 დოლარი ღირს, როცა ევროპულ ქვეყნებში ფასი დაახლოებით 100 დოლარია”,- აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

ამის პარალელურად საქართველოში საზღვაო ტერმინალებში გადაზიდვა შემცირებულია. ძირითადად ფოთის პორტის ხარჯზე. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ფოთის პორტში მიმდინარე წლის 8 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8%-ით ნაკლები ტვირთი გადაზიდეს, თუმცა ზრდა ფიქსირდება ბათუმში. ჯამში საქართველოში ტვირთბრუნვა გაზრდილია, თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მაინც მცირე მოცულობაა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით ჯერჯერობით დაბალი რჩება.

ქართულ საზღვაო ნავსადგურებში რომ სატრანზიტო გადაზიდვები შედარებით ძვირია ამას ადასტურებენ საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციაშიც, თუმცა არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სარკინიგზო და საავტომობილო მიმართულებით საქართველოში მაღალი ფასებია. რატომაა ძვირი ქართული პორტებით მომსახურება? ასოციაციაში რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ:

“არის სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც. ერთი სუბიექტური მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ჩვენს პორტებში არ არის შიდა კონკურენცია. საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ ერთ პორტში შეიძლება იყოს რამდენიმე ოპერატორი. როცა ეს ასეა, მაშინ კონკურენციაა და როცა კონკურენციაა, ტარიფი იწევს დაბლა და მომსახურების ხარისხი იზრდება.

მეორე ფაქტორია ტვირთების რაოდენობა, რომელიც საქართველოში მცირეა. 2019 წელს, როცა პიკური იყო ტვირთბრუნვა, 550 ათას კონტეინერამდე დაამუშავა ფოთის პორტმა - ეს არ არის დიდი რაოდენობა. მილიონ ნახევარს და კიდევ მეტ კონტეინერს ამუშავებენ შავ ზღვაზე პორტები. ამიტომ ეს მაჩვენებელი მცირეა”,- ამბობს საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი bm.ge-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები