მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"France 5" საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემას ამზადებს - ტურიზმის ადმინისტრაცია

60895217f1be7
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.21 22:48
676
France 5 საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს - ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ადმინისტრაციამ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის France 5-ის პოპულარულ სათავგადასავლო გადაცემას „Echappées Belles“ უმასპინძლა.

„6-კაციანმა გადამღებმა ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში იმოგზაურა, ორკვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში ტელეკომპანია “France 5”-ის წარმომადგენლები თბილისს, მცხეთას, ანანურს, ვარძიას და ქუთაისს ეწვივნენ და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს. პრეს-ტურის მიზანი საფრანგეთში საქართველოს კურორტების, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვაა. ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ 90-წუთიანი გადაცემა მომზადდება, რომელიც ტელეკომპანია France 5-ის ეთერით ივნისში გადაიცემა. „Echappées Belles“-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს“, - აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში.



France 5-ის გადამღები ჯგუფის ჩამოსვლის პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოპულარულ ფრანგულ გამოცემას „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს უმასპინძლა. პრეს-ტურის შედეგად „ლე ფიგაროში“ საქართველოს შესახებ 10-გვერდიანი სტატია მომზადდება.

„ჩვენი მიზანი საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი სათავგადასავლო ტურიზმია. სწორედ ამ მიზნით საქართველოს საფრანგეთის წამყვანი ტელეკომპანია France 5-ის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც საქართველოს შესახებ საათნახევრიან გადაცემას ამზადებენ. ეს საფრანგეთის ტურისტულ ბაზარზე ჩვენი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულების უკეთ პოზიციონირებისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„სანამ საქართველოში გამოვემგზავრებოდით თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე ქვეყანა, რომელიც მრავალფეროვანი ბუნებით, მდიდარი კულტურით, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით გამოირჩევა. ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურით. რეგიონებში მე ქართველ მეღვინეებს შევხვდი, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო გაქვთ“,-ამბობს France-5-ის გადაცემის წამყვანი ჟერომ პიტორინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები