ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) გასულ კვირას საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის დღიური მიწოდების 2 მილიონი ბარელით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ მოვლენას, ბუნებრივია, ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდა მოჰყვა, კერძოდ, ბარელი Brent-ის ფასი 97 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო WTI Crude-ის ფასი 92-დოლარიან ნიშნულზეა.
OPEC-ის გადაწყვეტილებას აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან უაღრესად ნეგატიური შეფასება მოჰყვა. თეთრი სახლის განცხადებით, OPEC-ი პირდაპირ იცავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და ხელოვნურად ცდილობს ბირჟაზე მაღალი ფასებს შენარჩუნებას.
საპირისპირო შეფასებები ისმის მოსკოვიდან - ოფიციალური კრემლის განცხადებით, OPEC-ის გადაწყვეტილება „გაწონასწორებული და გააზრებული“ იყო, საუდის არაბეთი და მოკავშირეები კი იმ არეულობის გამოსწორებას ცდილობენ, რომელიც აშშ-მა და ევროკავშირმა გამოიწვიეს.
„ეს იყო OPEC-ის მიერ მიღებული გაწონასწორებული და გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც ორგანიზაციის წევრებმა თავად მიიღეს, მიუხედავად აშშ-ის საპირისპირო მოთხოვნისა“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, შესაბამისად, მიწოდების გაზრდა და ფასების შემცირება მათ ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენა აღნიშნული ორგანიზაციის დამოკიდებულებასა და დღის წესრიგზე.
OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისათვის ყველაზე ხელსაყრელ საფასო დიაპაზონად ბარელ ნავთობზე 90-100 დოლარი ითვლება, მიწოდების შემცირების პოლიტიკა კი ფასის სწორედ ამ ნიშნულისკენ დაძვრაზეა მიმართული.




























