მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა, რომ ეს იყოს ახალი თაობის ქართული სუფრა იპონიაში " - ელჩი NFT კოლექცია „supra3.0"-ზე

634e72cd419b5
მარიამ დემეტრაშვილი
18.10.22 16:10
554
საქართველოს საელჩომ იაპონიაში ქართული NFT კოლექცია „supra3.0“ შექმნა. საქართველოს ელჩის თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, ეს კოლექცია ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის თემატიკაზე შექმნილი 5 000 NFT ნამუშევრისგან შედგება.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოთი დაინტერესებულ იაპონელ საზოგადოებას ქართული კულტურის ელემენტებით დატვირთული NFT ნამუშევრები წარუდგინოს.

პროექტის პრეზენტაცია ტოკიოს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში CryptoBase გაიმართა.

„მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყაროში ძალიან სწრაფად იცვლება ცხოვრების და კომუნიკაციის სტილი. აღმოჩნდა, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული NFT ტექნოლოგია ძალიან საინტერესო ფორმატია ბევრ ადამიანთან კომუნიკაციის დასამყარებლად. ყოველთვის მიხარია ახალ წამოწყებებზე მუშაობა. ეს პროექტი ჩემი ინიციატივა იყო და მას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იაპონიაში ყველაზე დიდმა ბლოკჩეინ ასოციაციამ მხარი დამიჭირა ამ ღონისძიების ჩატარებაში და პრეზენტაციას მედიის 10-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ასევე, ამ თემაზე სასაუბროდ სამ გადაცემაში მიმიწვიეს“, - განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ გადაცემაში „ქალების ნარატივი“.

NFT-ს მფლობელებს საქართველოში ვიზიტისას ექსკლუზიურ სერვისებზე წვდომა მიეცემათ, რასაც აღნიშნულ პროექტში გაერთიანებული 20-ზე მეტი ქართული კომპანია უზრუნველყოფს. ეს კომპანიები საქართველოს ტურიზმის, კულინარიისა და მოდის ინდუსტრიებს წარმოადგენენ.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების ჩართულობაც, ვინაიდან პროცესი მარტო NFT-ის შეძენით არ მთავრდება. NFT-ის მფლობელებს შეეძლებათ, იმოგზაურონ საქართველოში და მიიღონ ისეთი სერვისები, რომელსაც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერ მიიღებდნენ. პროექტში ჩართულია უკვე 20 კომპანია და მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო მეტი ჩაერთვება“, - თქვა ელჩმა.

იაპონიაში საქართველოს ელჩის განცხადებით, პროექტზე 6 თვის განმავლობაში 10-მდე ადამიანი მუშაობდა.

„სახელწოდებაც „supra 3.0” იმიტომ დავარქვით, რომ გვინდა, ეს იყოს ახალი თაობის სუფრა. გვინდა, რომ შეგრძნება, რომელიც ქართულ სუფრაზე გვაქვს, ის მიიღონ ციფრულ განზომილებაში. ასევე, ეს პროექტი დაფუძნებულია სტუმარ-მასპინძლობის იდეაზე. ვფიქრობ, პროექტი დააახლოებს იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს“, - აღნიშნა თეიმურაზ ლეჟავამ.

შეგახსენებთ, ღონისძიება „იაპონიის ბლოკჩეინ ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტს ტექნოლოგიური მიმართულებით მხარდაჭერას ქართული კომპანია „Echolize“ უწევს. „supra3.0“ ქართველი გრაფიკული დიზაინერის, თამარ ჩეკურიშვილის მონაწილეობით შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები