ლონდონის ერთ-ერთი მთავარი აეროპორტის "ჰითროუს" აღმასრულებელი ხელმძღვანელის ჯონ ჰოლანდის განცხადებით, საზღვრების ჩაკეტვა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის აღდგენას აფერხებს და ასევე არღვევს საჰერო გადაზიდვების ჯაჭვს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, "ჰითროუს" აღმასრულებელი ხელმძღვანელი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს წინასწარ გააცნოს მათ გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავენ საზღვრების გახსნას.
„ჩვენთვის აუცილებელია აღნიშნული გეგმის ცოდნა, რადგან მომავალი თვიდან აეროპორტი იწყებს ბიუჯეტის დაგეგმვას და უნდა შეიმუშაოს საშვებულებო სქემა თანამშრომლებისათვის საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა ჯონ ჰოლანდმა.
ლონდონის "ჰითროუს" აეროპორტის მგზავრთა ნაკადი 89%-ით არის შემცირებული მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აეროპორტის განცხადებით, უკანასკნელმა ლოქდაუნმა და მოგზაურობასთან დაკავშირებით დაწესებულმა აკრძალვებმა კიდევ უფრო გააუარესა მდგომარეობა ტურიზმის სექტორში.
"ჰითროუს" ხელმძღვანელის განცხადებითვე, საზღვრების ჩაკეტვა ასევე ნეგატიურად მოქმედებს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებზე, ტვირთების გადაზიდვები თითქმის 21%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.




























