„პური მტკივნეული თემაა. ფასთან თამაში ცუდად აისახება ჩვენზეც და მომხმარებელზეც. ჯერჯერობით, გვიჭირავს ფასი. რა მოხდება 1-2 თვის მერე, ამას ვერავინ გათვლის. ამ ეტაპზე პურის გაძვირება არ განიხილება“, - ამის შესახებ კომპანია „იფქლი დიღომის“ ხელმძღვანელი ნისან იობაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, საწვავის მაღალი ღირებულებისა და შესაფუთი მასალების სიძვირის ფონზე, ახლა მათი მთავარი გამოწვევაა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ფქვილით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში დროულად შემოვიდნენ.
საქმე ის არის, რომ კომპანიების ინფორმაციით, რთული კლიმატური პირობების გამო, ფქვილით დატვირთული 250-მდე მანქანა ლარსის გამშვებ პუნქტზე ერთი კვირაა დგას.
„ჯერ ვფიქრობთ, რომ გზა დროულად გაიხსნას. ვფიქრობთ იმაზეც, რამდენად ინტენსიურად იქნება შესაძლებელი ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, იქნება თუ არა შეზღუდვა. რატომღაც მგონია, მეტი გზა არ აქვს რუსეთს, სად უნდა წაიღოს ეს ხორბალი?! ხომ არ გადაყრის?! თუ ფქვილის ექსპორტიც შეიზღუდა, თურქეთიდან შემოვიტანთ, მაგრამ ხარისხით რუსული ფქვილი უკეთესია. ალტერნატივაა აზერბაიჯანიც. შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში მაისის ბოლოს იღებენ ხორბლის მოსავალს და სადღაც ორ თვეს კიდევ გადავაგორებთ“, - აცხადებს ნისან იობაშვილი.
შეგახსენებთ, მომხმარებლისთვის პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნების მიზნით, მთავრობა კვლავინდებურად სუბსიდირების მექანიზმის გამოყენებას განიხილავს, თუმცა ჯერ ბაზარს აკვირდებიან და შესაბამისი გადაწყვეტილება დარგობრივ უწყებას, ჯერჯერობით, მიღებული არ აქვს.