"იმედია, Georgian Airways თავისი სერვისების ხარისხით და საფასო პოლიტიკითაც მიუახლოვდება უცხოურ ავიაკომპანიებს", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრი bm.ge-ისთან გამოეხმაურა Georgian Airways-ის დირექტორის რომან ბოკერიას იმ განცხადებას, რომლის თანახმად, "რაინეარის" მიერ თბილისიდან ფრენების დაწყების გამო, ავიაკომპანია მგზავრების ნაწილს კარგავს. რომან ბოკერია ითხოვს, რომ Georgian Airways-მაც მიიღოს ისეთივე თანადაფინანსების პაკეტი, რაც დაბალბიუჯეტიან კომპანიებს აქვთ.
"ჩვენ სერიოზულად ვუდგავართ გვერდით ქართულ ავიაციას და მათ შორის Georgian Airways-ს. მაგალითად, Georgian Airways-ს წლების მანძილზე დაუგროვდა რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩვენი აეროპორტების გაერთიანების და საქაერო ნავიგაციის მიმართ და ჩვენ ამის გამო არ ვიყენებთ რაიმე სანქციებს. ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის კომფორტული გრაფიკით დაფარონ დავალიანება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კარგია, რომ Georgian Airways-ი ახსენებს სხვა უცხოურ კომპანიებს - „რაინეარს“, „ვიზეარს“... იმედს ვიტოვებთ, რომ თავისი სერვისების ხარისხითაც, საფასო პოლიტიკითაც Georgian Airways-ი მიუახლოვდება ოდესმე ამ კომპანიებს და კონკურენციაში შევა მათთან, რასაც ჩვენ ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.