ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით რამდენიმე თეთრით გამყარდა. ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ცოტა ტურისტი ნამდვილად არის, თუმცა არა იმდენი, რომ ჯერჯერობით ლარის კურსზე აისახოს.
„ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ლარის გამყარების ტრენდი გვაქვს, 5 თეთრით წინ და უკან მერყეობა ჩვეულებრივ ახასიათებს ლარს და ამის უკან სერიოზული რამ არ უნდა განვიხილოთ. პოზიტიური მოლოდინები კიდევ არ არის. ზაფხულში რომ სეზონი იქნებოდა, ეს ისედაც ვიცოდით და მოლოდინი ისედაც არის, რომ ოდესმე პანდემია დამთავრდება და ტურიზმი აღდგება. თუ სიახლე არ არის, ეს კურსის ცვლილებას არ იწვევს. თუ ვეძებთ ფაქტორებს, რამ გამოიწვია ლარის კურსის გამყარება 5 თეთრით, ამის დამსახურება ვერ იქნება, რადგან ისედაც ვიცოდით, რომ ტურისტები ჩამოვიდოდნენ“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება მთავრობის ნაბიჯებს, მაგალითად, კომენდანტის საათის 21:00-დან 23:00 საათამდე გადაწევას და რესტორნების მუშაობის გახანგრძლივებას, ბედინეიშვილი ამბობს, რომ უკვე მთავრობაც ხვდება, რომ სხვა გამოსავალი არ არის და ასე გაგრძელება შეუძლებელია.
„ქართული ოცნებაც ხვდება უკვე, რომ ჩაკეტვებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გინდა ჩაკეტო, გინდა არ ჩაკეტო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დაწყება-არდაწყების საკითხი. ჩაკეტვები პანდემიაზე დრამატულ გავლენას არ ახდენს. ეპიდემიოლოგები ყოველთვის ურჩევენ მთავრობას, რომ ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, თუმცა გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. აქამდე მხოლოდ იყო კვარცხლბეკზე მდგომი სამი ადამიანი და მერე მოწოდება, რომ მასიურად თაყვანი უნდა ვცეთ მათ გადაწყვეტილებებს, ბევრ შემთხვევაში გაუგებარს. იქნებ მივიდა მთავრობა იქამდე, რომ არ შეიძლება მხოლოდ მათი რჩევებით გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა მან.




























