მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ივლისის ბოლოსა და აგვისტოში სიტუაცია ძალიან საშიში იქნება" - საბა კიკნაძის რეკომენდაცია

60dc7c887cdbe
ინგა მურუსიძე
30.06.21 19:00
1280
შესაძლოა, საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ორჯერადი ვაქცინაციისა, საზღვარზე ნეგატიური PCR-ტესტის პასუხის წარდგენა დაავალდებულონ. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობაში საუბარი და შესაბამისად, მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც covid-პასპორტების გაყალბების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ დირექტორი საბა კიკნაძე ფიქრობს, რომ უცხოელი მოგზაურებისთვის PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის მოთხოვნის ვალდებულება არათუ აუცილებელია, არამედ - დაგვიანებულიც.

„ამ თემაზე მსჯელობა დაგვიანებულიც კი არის იმ ფონზე, როცა მეზობლად გვყავს რუსეთი, რომლის მოქალაქეებიც მზად არიან, მოიტყუონ და საზღვარზე ფალსიფიცირებული ტესტები წარადგინონ; როცა ასეთი ქვეყანა გყავს გვერდით, საზღვრებზე შესაბამისი მომზადებაც უნდა გქონდეს. სჯობდა, ეს საკითხი 2-3-კვირის წინ გააქტიურებულიყო. გვესმის საუბარი იმაზე, რომ კარგია ტურიზმის ზრდა, მაგრამ ვის ხარჯზე იზრდება?! ამერიკელი ტურისტები ჩამოდიან თუ შვეიცარიელები?! შევყურებთ რუსეთს, რომელიც შემოვა ყალბი ტესტით და ქვეყანაში ვირუსს გაავრცელებს“, - ამბობს საბა კიკნაძე.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სიტუაცია ძალიან საშიშია, ამიტომ მთავრობამ საზღვრებზე კონტროლი ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს.

„საზღვრების გახსნა სწორი იყო, უბრალოდ საქმე არის მენეჯმენტში. ტყვიის ჟილეტი რომ არ გაქვს და ტყვია ესროლო იმ იმედით, რომ მაინც გაუძლებს - აი, ეგეთი სიტუაციაა. ახლავე უნდა განალაგონ საბაჟოებზე ქუდზე კაცი და აკონტროლონ სიტუაცია, ყველგან უნდა ტარდებოდეს PCR-ტესტი და სიტუაციას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს“, - აღნიშნა კიკნაძემ.

ამასთან, მისი პროგნოზით, ივლისის ბოლოს და აგვისტოში სიტუაცია ძალიან საშიში იქნება და ამას ვაქცინაციაც ვერ გამოასწორებს, ვინაიდან იმუნიტეტის შექმნას დრო სჭირდება, ხოლო მასობრივი ვაქცინაცია ჯერ არც დაწყებულა.

„მომავალთან დაკავშირებით მოლოდინები არ მაქვს, არ ვიცი რა იქნება. საჭიროა უდიდესი სიფრთხილე და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“, - ამბობს საბა კიკნაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები