საქართველოს მინისტრთა კაბინეტში გუშინ ცვლილებები განხორციელდა. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ადგილი სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაიკავა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი სათავეში ოთარ შამუგია ჩაუდგა. აღნიშნული გადაწყვეტილებები მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
BMG-მ სამთავრობო ცვლილებების შეფასება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ლევან ვეფხვაძეს სთხოვა და ჰკითხა, იქონიებს თუ არა გავლენას ბიზნესზე სამთავრობო ცვლილებები.
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ინფორმაცია, რომ ეს ცვლილებები იგეგმებოდა, არა მხოლოდ მათ, არამედ ფართო საზოგადოებასაც ჰქონდა, შესაბამისად, მოულოდნელობა არ ყოფილა. რაც შეეხება დღეს უკვე ყოფილ მინისტრ, ნათია თურნავასთან, თანამშრომლობას ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია პროდუქტიული იყო, ისევე როგორც სოფლის მეურნების ყოფილ მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
„ნათია თურნავასთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდა, მათ შორის "ვოთსაფის" ჯგუფების ჩათვლით, რადგან მნიშვნელოვანი იყო პერსონალური და სწრაფი კომუნიკაცია, განსაკუთრებით ენერგეტიკის ნაწილში, რამეთუ გარკვეული პერიოდი ხანძრის ჩაქრობის პრინციპით ვმუშაობდით, როდესაც ელექტროსადგურების დეველოპერებს გარკვეული პრობლემები ექმნებოდათ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის ურთიერთობა გაგრძელდება ბატონ ლევანთანაც იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ მასთან გვაქვს. ფაქტია, ეკონომიკის სამინისტროში რაღაც სიახლეები იქნება იმ გაგებით, რომ ეკონომიკის მინისტრი ბატონი ლევანი იქნება, თუმცა ჩვენთვის მასთან ურთიერთობა სიახლე არ იქნება.
რაც შეეხება ოთარ შამუგიასთან თანამშრომლობას, ამ ადამიანს სამინისტროში სხვადასხვა საფეხურები აქვს გავლილი და ყველა მათგანზე ბიზნესის კუთხით გვქონდა ხოლმე შეხება. მინდა პოზიტიურად დავახასიათო. მას საზოგადოებაში ისე არ იცნობენ, როგორც სხვა მინისტრებს, მაგრამ ის ყოველთვის ძალიან ეფექტური იყო“, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.
მისი შეფასებით, ზოგადად ქვეყანაში უწყებების მართვის პროცესში გარკვეული პრობლემატიკა არსებობს და ახალ მინისტრებთან კომუნიკაციას ბიზნეს ასოციაცია სწორედ ამ საკითხებზე გეგმავს.
„გარკვეული პრობლემატიკა არამხოლოდ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, არამედ ზოგადად სამინისტროებში არის. იმედი გვაქვს, რომ ერთობლივად ამ პრობლემების რაღაც ფორმის სკრინინგს გავაკეთებთ, რადგან ეს უკავშირდება ვადებს, რეფორმებს, ძალიან რთულ საკითხს. მაგალითად ეკონომიკის სამინისტრო აერთიანებს ენერგეტიკას, წიაღის სააგენტოს, ქონების სააგენტოს, რომელიც უმსხვილესი თემებია. ამ საკითხებზე აქამდეც გქონდა კომუნიკაცია უწყებასთან.
იყო მიმართულებები, რომელიც კომუნიკაციაში პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა იყო საკითხები, როდესაც გადაწყვეტილებები დროში იწელებოდა და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ბატონმა ლევანმა ბიზნესისგან მოისმინოს რეკომენდაციები იმ ე.წ. საცობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება... როგორც შეიძლება ეს განიტვირთოს? პრობლემა უკავშირდება იმას, რომ სამინისტროდან კვალიფიციური კადრების გადინება ხდება დაბალი ხელფასების გამო და მეორე მხრივ, როდესაც ბიზნეს აქტივობა იზრდება, დატვირთვაც მეტია, ამ დატვირთვას კი დროული გადამუშავება სჭირდება. ეს საკითხები დიალოგის საგანია“, - აღნიშნა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ რამდენიმე სექტორისთვის მაგალითად ენერგეტიკის მიმართულებით რეფორმების კუთხით, ასევე წიაღის სექტორისა და ქონების კუთხით რთული პერიოდია და ამ მიმართულებით რეფორმების გატარება უწყებამ კერძო სექტორის ჩართულობით უნდა მოახერეხოს.




























