მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარგი აზრები მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნისას არ იბადება“ - ხვიჩია უმრავლესობას მიმართავს

617fe5b89bcab
ინგა მურუსიძე
01.11.21 17:28
815
„გირჩის“ წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, თუმცა მოუწოდებს, საპირისპირო ნაბიჯიც გადმოდგან და კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე კონსტრუქციულად ითანამშრომლონ.

იაგო ხვიჩიას თქმით, სხავადასხვა სოციალურ ქსელში, ჯგუფში ოპოზიციონერ დეპუტატებს მხარდამჭერები აკრიტიკებენ, რის გამო სხედან ისინი პარლამენტში, თუკი ადამიანების საკეთილდღეოდ ვერაფერს გააკეთებენ.

„მე გადავწყვიტე, შეიძლება უკანასკნელადაც ვცადო, რომ ეს იყოს პარლამენტი ჩემთვის და განვსხვავდებოდე ჩემი კოლეგებისგან; როცა ვამბობთ, რომ ეს პარლამენტია, შესაბამისად, უნდა მოვიქცეთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემით. მე მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ასევე მინდა დავინახო, რომ თქვენ აპირებთ თანამშრომლობას ვინმესთან, ოპოზიციის მხრიდან.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ კარგი აზრები მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ იბადება, მაგრამ აქამდე თქვენგან არ მიგრძვნია, რომ რამეში შეიძლება თქვენი იმედი მქონდეს.

ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად არ აქვს შანსი, წინადადება შეიტანოს და ის მიიღონ. 11 საკითხი გვაქვს შემოტანილი და შეუძლებელია, ყველა თქვენგანი ყველა მათგანის წინააღმდეგი იყოს. როგორც მე გადავდგი ნაბიჯი და მოგილოცეთ, ისე გადმოდგით ნაბიჯი და მითხარით, სად მიიღება გადაწყვეტილებები?“, - მიმართა ხვიჩიამ დეპუტატებს.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ დაუდასტურა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის და საკითხების განხილვას რაც შეეხება, კახა კუჭავას თქმით, ნამდვილად არ შეიძლება, ყველა საკითხზე უმრავლესობას საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდეს.

გარდა ამისა, მან იაგო ხვიჩიას ურჩია, საკითხების წარდგენამდე ფრაქციებს შორის შეხვედრებზე იმსჯელონ, დაამუშაონ საკითხი და ერთად მიიღონ გადაწყვეტილება. კუჭავა ხვიჩიას ფრაქციებთან შეხვედრაში მხარდაჭერასაც დაჰპირდა.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზევე ყურადღება გაამახვილა კანაფის მოხმარების გამო დაკავებული ადამიანების საკითხზე, რაც მას სერიოზულ პრობლემად მიაჩნია - „ადამიანმა, რომელიც ერთი ძირი კანაფის გამო ციხეში ზის, 87 წლის დედამისი კი კორონავირუსს ებრძვის, საპატიმრო უნდა დატოვოს“.

კუჭავამ ხვიჩიას ამ საკითხზე კანონპროექტის ან განმარტებითი ბარათის მომზადება სთხოვა, რაზეც ოპოზიციონერმა დეპუტატმა თანხმობა განაცხადა.

ინფორმაციისთვის: იაგო ხვიჩიამ „გირჩის“ ბაბლში იკითხა, უნდა მიელოცა თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვება, რაზეც facebook-ის მომხმარებელთა უმრავლესობამ და „გირჩის ბაბლის“ წევრების დიდმა ნაწილმა უარი უთხრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები