მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კობახიძე რიცხვებით მანიპულირებს... საქართველოდან ემიგრაციის მთავარი მიზეზი სიღარიბეა" - ბესო ნამჩავაძე

63f3759619066
BM.GE
20.02.23 17:40
789
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს უფროსი ანალიტიკოსის, ბესო ნამჩავაძის განცხადებით, თუ რამე ამცირებს საქართველოს მოსახლეობას, ეს არის სიღარიბე და უსამართლობა, "თორემ ვიზის გარეშეც, მექსიკის საზღვრის ჯოჯოხეთური ტანჯვით გავლითაც შედიან აშშ-ში და კიდევ მეტი წავა მომავალში".

ასე ეხმაურება ის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომ ემიგრაციის მაღალ სალდოს ვიზალიბერალიზაციამ შეუწყო ხელი. 

"დღეს ირაკლი კობახიძემ დილიდანვე ანტიდასავლური მესიჯი გაავრცელა - თითქოს, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობას შეამცირებს და ბოლო წლებში რომ უარყოფითი მიგრაციული სალდო გვაქვს, ეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ბრალია.

კობახიძე რიცხვებით მანიპულირებს. შეარჩია ორი ისეთი ქვეყანა - ლატვია და ლიეტუვა, რომელთა მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. არაფერი თქვა, მათ მეზობელ ესტონეთზე, რომლის მოსახლეობა უმნიშვნელოდ შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. ჩეხეთის, სლოვაკეთის და სლოვენიის მოსახლეობა კი პირიქით, გაიზარდა ევროკავშირში შესვლის შემდეგ.

თეორიულად მართალს ამბობს, რომ “როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ეს მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს.“

მაგრამ ან არ იცის, ან ისევ განგებ ატყუებს მის ამომრჩეველს, რომ ევროკავშირთან დაახლოება და საბოლოოდ გაწევრიანება ახალ წევრ ქვეყანაში უამრავ პერსპექტივას აჩენს და ამან შესაძლოა, პირიქით, მიგრაცია შეანელოს, როგორც ეს მოხდა თუნდაც ლატვიაში და ლიეტუვაში.

ქვემოთ გრაფიკებიდან (მიგრაციული სალდო) კარგად ჩანს, რომ 2004 წლამდე ლატვიას და ლიეტუვას (ევროკავშირის წევრები 2004-ში გახდნენ) გაცილებით მეტი ადამიანი ტოვებდა წლიურად, ვიდრე გაწევრიანების შემდეგ. ევროკავშირმა მიგრაცია კი არ დააჩქარა, პირიქით, შეანელა.

ასევე გვატყუებს მეორე ნაწილში, თითქოს ცალსახად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ განაპირობა უარყოფითი მიგრაციული სალდო. საქსტატის ინფორმაციით, 1990-იან წლებში საქართველოს უარყოფითი სალდო იყო წელიწადში საშუალოდ 141 ათასი ადამიანი, 2000-იან წლებში წელიწადში საშუალოდ 31 ათასი ადამიანი, 2010-2016 წლებში 16 ათასი ადამიანი. 2017 წლის მარტიდან გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და 2017-2021 წლებში მიგრაციის საშუალო უარყოფითი სალდო იყო 6,300 ადამიანი. 2017 წელს, როცა უვიზო ამოქმედდა, ალბათ ყველაზე მეტი ამ წელს უნდა წასულიყო და პირიქით მოხდა, ბოლო 30 წლის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 2,212 ადამიანი.

ზოგადად, მოსახლეობის შემცირებას და უარყოფით მიგრაციულ სალდოს ბევრი მიზეზი აქვს და როცა ერთი მიზეზით ხსნი, უკვე მანიპულირებ. საქართველოდან ემიგრაციის მთავარი მიზეზი სიღარიბეა და შემდეგ მოდის კანონის უზენაესობის არ ქონა, ძალადობა, უპერსპექტივობა და ა.შ. უამრავი ადამიანი წავიდა, ვისაც სამსახური ჰქონდა და ეკონომიკურად არ უჭირდა, მაგრამ დაიღალა უსამართლობით, უპერსპექტივობით.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და პერსპექტივაში ევროკავშირის წევრობა კი არ გაზრდის საქართველოდან ემიგრაციას, პირიქით შეამცირებს, რადგან ეს იძლევა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური პრობლემების დაძლევის შესაძლებლობას. უკვე წასულ ემიგრანტებს გაუჩნდებათ სურვილი და შესაძლებლობა უკან დაბრუნდნენ.

თუ რამე ამცირებს (ორივე გაგებით, რაოდენობრივად და მორალურად) საქართველოს მოსახლეობას, ეს არის სიღარიბე და უსამართლობა! თორემ ვიზის გარეშეც, მექსიკის საზღვრის ჯოჯოხეთური ტანჯვით გავლითაც შედიან აშშ-ში და კიდევ მეტი წავა მომავალში", - წერს ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.









გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები