მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გვქონია" – ქვრივიშვილის უწყება ტურ-ოპერატორებს პასუხობს

5f64e3075a199
თამთა ჯიჯავაძე
18.09.20 20:40
1034

"ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის პრობლემა კერძო სექტორის არცერთ წარმომადგენელს არასდროს ჰქონია და არც სამომავლოდ ექნება, შესაბამისად, მათ ადმინისტრაციასთან პირდაპირი დაკავშირების ყველა არხი ხელმისაწვდომი აქვთ, იქნება ეს ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან უშუალო დაკავშირება, თუ სამუშაო ჯგუფებში მათი აქტიური ჩართულობა",  - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მას შემდეგ განაცხადეს, რაც 17 სექტემბერს bm.ge-მ პროგრამასთან "იმუშავე საქართველოდან" დაკავშირებით ტურისტული ოპერატორების წუხილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დღეს კი, კომპანია "იბერია ტურს პლიუსის" დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა ამავე თემაზე გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. 

კერძოდ, ტურისტული კომპანიები ტურიზმის ადმინისტრაციას პროგრამის - „იმუშავე საქართველოდან“ აპლიკაციის ველში "მომწვევი ორგანიზაციის" დამატების მოთხოვნით მიმართავდნენ. მათ შორის იყო კომპანიები Check-in Travel Georgia, Clark & Robinsson-ი და "იბერია ტურს პლიუსი". როგორც  „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა განაცხადა, ამ მოთხოვნით ტურ-ოპერატორებმა მარიამ ქვრივიშვილის უწყებას 10 დღის წინ მიმართეს, თუმცა 17 სექტემბრამდე კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ. გადაცემა „ანალიტიკაში“ კი, მაია მურაჩაშვილმა თქვა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ ტურ-ოპერატორებთან კომუნიკაცია BM.GE-ზე მასალის განთავსების შემდეგ აღადგინა და პროგრამაში - „იმუშავე საქართველოდან“ მომწვევი ორგანიზაციის პუნქტს დაამატებს.

თავის მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაცია წერილობით გავრცელებული განცხადებით ირწმუნება, რომ აღნიშნულ ტუროპერატორთან ადმინისტრაციას ბოლო პერიოდის მანძილზე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანია არის ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის წევრი (ჯგუფი აერთიანებს განთავსების ობიექტებს, ტურისტულ კომპანიებს, წარმომადგენლობით ასოციაციებს და სექტორის სხვა წარმომადგენლებს) და გარდა ამისა ახორციელებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ჯგუფის გარეთაც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცისათვის გასაკვირი იყო ფაქტი, რომ კომპანიამ საკითხის 2 დღიანი დამუშავება/განხილვის ფაზა ჩათვალა კომუნიკაციის შეწყვეტად. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადმინისტრაცია, როგორც COVID-19-ის პანდემიამდე, ასევე მის შემდეგაც, მუდმივად თანამშრომლობს კერძო სექტორთან დარგში წარმოშობილი გამოწვევების დასაძლევად და სექტორის მხარდასაჭერად. ტურიზმის სექტორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ ტურისტული კომპანიები, რომლებთანაც ადმინისტრაცია იმყოფება მუდმივ კომუნიკაციაში სხვადასხვა გზით, მათ შორის უკვე ხსენებული, ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის ფორმატით, რომელიც შეიქმნა პანდემიის დაწყებისას ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების ერთობლივი დაძლევის მიზნით“, – წერილია ადმინისტრაციის პასუხში.

ამასთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ მიაჩნიათ სწორად აპლიკაციაში "მომწვევი ორგანიზაციის" ველის დამატება და ტურ-ოპერატორებს გამოსავლის გზებს სთავაზობენ.

„როგორც ყველა განვითარებულ და განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ ქვეყანაში, საერთაშორისო ვიზიტორებს ყოველთვის ჰქონდათ საქართველოში სამოგზაუროდ სხვადასხვა გზის არჩევის შესაძლებლობა, იქნებოდა ეს ონლაინ პლატფორმებით სერვისის დაჯავშნა, მოგზაურობის დამოუკიდებელად დაგეგმვა, თუ ტურისტული კომპანიების სერვისების გამოყენება. „იმუშავე საქართველოდან“ აპლიკაციაში ხსენებული ველის სავალდებულო ჩართვა წარმოადგენს რადიკალურ გადაწყვეტილებას, რაც ერთის მხრივ, არსობრივად ზღუდავს ქვეყანაში მოგზაურობის სურვილის მქონე საერთაშორისო ვიზიტორების არჩევანს, ხოლო მეორე მხრივ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აყენებს სუბიექტური გადაწყვეტილების წინაშე, თუ ვინ შეიძლება იყოს სავალდებულო სერვისის გამცემი კომპანია, რაც პირდაპირპროპორციულად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციის მიზნებს - იყოს ობიექტური მხარდამჭერი სექტორის წარმომადგენლებისათვის. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ განვაგრძობთ მსჯელობას კომპანიასთან ერთად, თუ რა ობიექტური შესაძლებლობები არსებობს, რომ მსგავსი ველი ჩაშენდეს აპლიკაციაში“, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განმარტავს, რომ „იმუშავე საქართველოდან“ პროექტზე მუშაობისას მომწვევი მხარის აპლიკაციაში სავალდებულო ინტეგრირება არ ყოფილა განხილვის საკითხი და შესაბამისად, პროექტის ჩაშვება ვერ გამოიწვევდა რაიმე სახის შეთანხმების შეცვლას ან დარღვევას.

„აღსანიშნავია, რომ პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ შინარსობრივად განსხვავდება ბიზნეს ვიზიტორების პროექტისგან; კერძოდ, ბიზნეს აპლიკანტისთვის სავალდებულოდ მისათითებელი „მომწვევი კომპანია“ არ ტვირთავს პროექტის მონაწილეს ფინანსური ვალდებულებით, აღნიშნულ შემთხვევაში მომწვევი მხარის ძირითადი ფუნქციაა დაადასტუროს ქვეყანაში ბიზნეს ვიზიტორის მიზნობრივი ჩამოსვლა და კონკრეტული პერიოდით მისი ქვეყანაში დაყოვნების საჭიროება. ასევე, მომწვევი კომპანია არ უზრუნველყოფს ბიზნეს აპლიკანტის მოგზაურობასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ მომსახურებას.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტის დაწყების მიზანს წარმოადგენდა უპირველესად კერძო სექტორის მხარდაჭერას, ქვეყნისთვის მიზნობრივი სეგმენტის, მაღალმხარჯველუარიანი ტურისტების მოზიდვის და მათი ქვეყანაში უსაფრთხოდ შემოყვანის გზით.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მოსარგებლე უკვე არის ყველა ის სასტუმრო თუ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ჩართულია პროექტის მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და კომერციულ საკარანტინო სივრცეებში მათი განთავსებით. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდგომ, თითოეული საერთაშორისო ვიზიტორი საჭიროებს დამატებით სერვისებს, როგორებიცაა მაგალითად განთავსების ობიექტებით უზრუნველყოფა, ტურისტული ექსკურსიების დაგეგმვა, სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა და ა.შ.

აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, აჩენს ტურისტული სერვისების საკმაოდ დიდ, საოპერაციო - სარეალიზაციო სივრცეს, რომელში ჩართვაც შეუძლია კერძო სექტორის წარმომადგენელ ნებისმიერ კომპანიას. დამატებით მოგახსენებთ, რომ პროექტის აპლიკაცია ტექნიკური თვალსაზრისით გამართულია იმგვარად, რომ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს, ისევე როგორც ინდივიდუალურ პირებს, აქვთ შესაძლებლობა საკუთარი სისტემიდან უზრუნველყონ კონკრეტულ აპლიკანტებზე, ან აპლიკანტთა ჯგუფზე, მათ ნაცვლად ინფორმაციის შევსება. ამგვარად, ყოველგვარი სავალდებულო ველის ჩაშენების გარეშე, ტურისტულ კომპანიებს აქვთ სრული თავისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით გაავრცელონ ინფორმაცია პროექტის შესახებ, უზრუნველყონ შესაბამის სეგმენტთან კომუნიკაცია, სერვისების შეთავაზება და პროექტის საშუალებით განახორციელონ შესაბამისი აპლიკანტების ქვეყანაში შემოყვანა“, – წერია უწყების განმარტებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები