კრეატიული ჰაბის შექმნა 2023 წლის მთავარი გამოწვევა იქნება, - ამის შესახებ საინვესტიციო ფონდი KETTARI-ს განვითარების დირექტორმა სერგი გვარჯალაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ფონდის მიზანია საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის შექმნა და საერთაშორისო ინვესტორების მოწვევა.
„სწორედ კრეატიული ჰაბის შექმნა იქნება 2023 წლის მთავარი გამოწვევა - საქართველო უნდა გავხადოთ კრეატიულ რუკაზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ამ კუთხით გრძელდება მთავრობასთან თანამშრომლობა და მოლაპარაკებები. ჩვენმა გაწეულმა შრომამ, სანდოობამ კრეატიულ საზოგადოებაში და ჩვენი პარტნიორების უკუკავშირმა მთავრობის მხრიდანაც გაზარდა ინტერესი“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ, რომელმაც BMG-ის ეთერში 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა.
„სწორედ 2022-ში მოვხვდი პირველად ინტერნეტ სივრცეში პოდკასტების კუთხით. ამ წელს მოვასწარით და კრეატიული ინდუსტრიის რამდენიმე ძალიან ნიჭიერი წარმომადგენელი გვყავდა სტუმრად, რაც აუცილებლად გაგრძელდება 2023-ში“, - აღნიშნა მან.
სერგი გვარჯალაძემ 2023 წლის სხვა გეგმებიც დააანონსა და აღნიშნა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე თბილისში, კერძოდ მარჯანიშვილზე, ინოვაციური co-working სივრცე გამოჩნდება, რომელზეც ფონდი მუშაობს.
ცნობისთვის, KETTARI კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 20 ქვეყანაში და ოთხ კონტინენტზე ოპერირებს. ფონდი, რომლის საქმიანობაც IT და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა, განვითარების საწყის ეტაპზეა.




























