მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლე გატო" წესს ისევ არღვევს - საკონდიტროში შესვლა "მწვანე პასპორტის" გარეშეა შესაძლებელი

61f12fb486305
ინგა მურუსიძე
26.01.22 15:50
3546
საკონდიტრო კომპანია „ლეგატო“ სტუმრებს კვლავ კოვიდ-პასპორტის გარეშე მასპინძლობს, - ინფორმაცია bm.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა მანანა ანჯაფარიძემ მიაწოდა.

22 იანვარს, „ლეგატოს“ facebook-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კომპანია პასპორტის ფერის მიხედვით მოქალაქეების დაყოფას დისკრიმინაციულად მიიჩნევს, შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ რეგულაციას არ შეასრულებს. იმავე დღეს, კომპანიის ობიექტებში შევიდა შრომის ინსპექციის წარმომადგენელი და „ლეგატომ“ რეგულაციის შესრულების მოწოდებით გაფრთხილებაც მიიღო.

მანანა ანჯაფარიძე აცხადებს, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, კომპანია პოზიციას არ იცვლის და სტუმრებს „მწვანე პასპორტებს“ კვლავ არ სთხოვენ.

„ჩვენი პოზიცია ისევ ისეთია, რაც აქამდე იყო. პანდემიის პირველივე დღიდან ვიცავთ ყველა რეგულაციას, რომელიც დაწესებულია - თერმოსკრინინგი, პირბადე და დისტანცია. რაც შეეხება „მწვანე პასპორტებს“, ვთვლით, რომ ეს რეკომენდაცია არის არაკონსტიტუციური, დისკრიმინაციული და ამიტომ არ ვიღებთ მათ. მით უმეტეს, რომ ეს არის მთავრობის დადგენილება და მე შემიძლია ვიდავო, რომ ჩემთვის მიუღებელია, რადგან არ მინდა სტუმრების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა მქონდეს. ადამიანების დაყოფა პასპორტების მიხედვით მიუღებელია. მით უმეტეს, რომ არანაირი კვლევა ან დასკვნა არ არსებობს იმისა, თუ რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს „მწვანე პასპორტმა“, ხოლო საპირისპიროს დამამტკიცებელი ბევრი მასალაა. ვფიქრობთ, ეს არის ფაშიზმი, ადამიანების დაყოფა“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ის აკრიტიკებს მედიასაც იმ კუთხით, რომ ინფორმაცია ცალმხრივად შუქდება და სინამდვილეში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოაქვს ან არ მოაქვს „მწვანე პასპორტს“. აქვე, ადასტურებს, რომ ვაქცინაციის მომხრეა და თანამშრომლების დიდი ნაწილი აცრილიც არის, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს თითოეული ადამიანის პირადი უფლებაა.

Bm.ge-ს ინფორმაციით, კომპანია „ლეგატო“ შრომის ინსპექციამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა, თუმცა ამის შესახებ მანანა ანჯაფარიძეს ინფორმაცია, ჯერჯერობით, ჯერ არ აქვს.

„ჯარიმის შესახებ არანაირი შეტყობინება არ მოგვსვლია. დაგვიკავშირდნენ შრომის ინსპექციიდან 21 იანვარს და გვითხრეს, რომ სწორედ ამ დღეს ჩვენ ფოსტით გამოგვიგზავნეს აქტი, რომელშიც რა წერია არ ვიცით. შინაარსი არ უცნობებიათ. შესაძლოა, გაფრთხილების საბუთი დაწერეს. წერილის შინაარსის მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას“, - ამბობს ანჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები