მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მანნა": მიმდინარე წელს გაყიდვების მოცულობა 150%-ით გაგვეზარდა

625d9e1b2a7f1
ალა ისპირიანი
18.04.22 22:22
1153
ქართული ჩაი "მანნას" გაყიდვების მოცულობა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 150%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ეკატერინე ჯაგოდნიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის პირველ თვეებს პანდემიამდელ 2019 წლის იგივე პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ, რომ გაყიდვების რაოდენობა წელს მკვეთრად გაზრდილია.

„მოთხოვნა არა მარტო თბილისში, რეგიონებშიც გაიზარდა. მაგალითად, 2020-ის პირველი კვარტალი 72 000 ლარის პროდუქცია იყო გაყიდული. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მისმა რაოდენობამ 106 000 ლარი შეადგინა. 2022 წელს კი 254 000 ლარის პროდუქცია გაიყიდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაყიდვების მოცულობა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 150%-ით არის გაზრდილი. პროდუქციის გაყიდვები ასევე გაზრდილია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც, რადგან მანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩვენი გაყიდვები თითქმის 2020 წლის ნიშნულთან იყო გათანაბრებული“, - განმარტა ეკატერინე ჯაგოდნიშვილმა.

კომპანიაში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ჰორეკა მიმართულებით პროდუქციის მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ.

„პანდემიის პირობებში ჰორეკა მიმართულებით გაყიდვები გაჩერებული იყო, ახლა ამ მიმართულებით მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. ეს იმან გამოიწვია, რომ პანდემიის პერიოდში დაკეტილი იყო, ან ვერ მუშაობდნენ კვების ობიექტები და ახლა ამუშავდნენ. რაც შეხება პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 2022 წელს გაყიდვების მოცულობის ზრდას, ეს იმან გამოიწვია, რომ ზოგად გაიზარდა ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა. ნელ-ნელა იმსხვრევა სტერეოტიპული აზროვნება, რომ ქართული უხარისხოა.

ასევე ჩვენ საერთაშორისო სტანდარტები გაქვს დანერგილი კომპანიაში და ეს მომხმარებლის ნდობას იწვევს. ადგილობრივ ჩაიზე მოთხოვნა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმაც გამოიწვია, რადგან ომის გამო იმპორტირებული ჩაის ფასი ადგილობრივის ღირებულებას თითქმის გაუთანაბრდა ან უფრო მეტიც ღირს, ამიტომ მომხმარებელი ქართულ ჩაის ირჩევს. მომხმარებელს ურჩევნია შეიძინოს მაღალხარისხიანი ჩაი იგივე ან უფრო ნაკლებ ფასად, ვიდრე დაბალხარისხიანი იმპორტირებული. აქვე გეტყვით, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის 75% იყიდება, ხოლო ექსპორტზე 25% გაგვაქვს. ვმუშაობთ, რომ იმპორტის მიმართულებაც გავზარდოთ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, კომპანია „მანნა“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მისი პროდუქციის ღირებულება 5-დან 55 ლარამდე მერყეობს. კომპანიაში ჯამში 24 ადამიანია დასაქმებული. მისი ყოველწლიური წარმოება კი 20 ტონამდე ჩაი და ნარევებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები