მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ბიზნესებთან, ვისაც კრიზისისგან პრობლემები შეექმნა"

5fe63a7dd2ed7
შოთა ტყეშელაშვილი
25.12.20 23:13
845
TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ 2020 წლის უმთავრესი გამოწვევებისა და მომდევნო წლის მოლოდინების შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წლის პირველ ნახევარში უფრო მეტ დროს დაუთმობენ იმ ბიზნესებთან და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობას, რომელთაც კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნათ, წლის მეორე ნახევარში კი მათი მიზანი ქვეყანაში დაკრედიტების ზრდის ხელშეწყობა იქნება.

“2021 წლის პირველ ნახევარში, როდესაც კვლავ COVID-ი და კრიზისული სიტუაცია იქნება ქვეყანაში, ჩვენ ამ პერიოდში მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ იმ ბიზნესებთან და ფიზიკურ პირებთან, რომელთაც COVID-ის გამო პრობლემები შეექმნათ. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ მიმართულებით, რათა COVID-ის შემდეგ ბიზნესების გაგრძელება შეძლონ. ამასთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ დიდი გრძელვადიანი პროექტების დაფინანსებას, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტების, დიდი და პატარა ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით. 

რაც შეეხება 2021 წლის მეორე ნახევრიდან გვაქვს ამბიცია, რომ უფრო აქტიურები გავხდეთ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას,”- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

საბანკო სექტორის საოპერაციო მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ 2020 წელს ბანკები სავარაუდოდ ნულთან ახლოს მყოფი მოგებით დაასრულებენ.

“დაახლოებით ნულთან ახლოს, ან მცირედი მოგებით შეიძლება დაასრულოს საბანკო სექტორმა 2020 წელი.

სექტორი დამოკიდებულია თავად ეკონომიკაზე, აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის, რომ ეკონომიკა 4%-ით ან 4%-ზე მცირედით მეტით გაიზრდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფინანსური სექტორისთვის უკეთესი იქნება 2021 წელი წლევანდელთან შედარებით, მაგრამ მთლიანად სექტორი თავის ძველ მაჩვენებლებს ალბათ 2022 წელს დაუბრუნდება,”- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 11 თვის განმავლობაში ბანკების საოპერაციო ზარალი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

წელს საფინანსო სექტორში ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები