მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესტიაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ მიღება შეუძლებელია... რეანომობილს ზუგდიდიდან იძახებენ"

648bfe1feedbe
ლიკა მეგუთნიშვილი
16.06.23 10:55
1290
„მესტიაში რეანიმობილი არ არსებობს, რაიმე პრობლემურ სიტუაციაში არ ვიცი, რის იმედად ვართ“, - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა, ეკა გველესიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მესტიის საავადმყოფოში მხოლოდ პირველადი დახმარების მინიმალური სერვისების მიღებაა შესაძლებელი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ მიღება კი, ფაქტობრივად შეუძლებელია.

„სერიოზული პრობლემა არის როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ის, რომ მესტიის საავადმყოფო არ არის სათანადოდ აღჭურვილი. რეანომობილი არ არსებობს. გადაუდებელი დახმარება როდესაც გჭირდება, ზუგდიდიდან უნდა გამოიძახო რეანომობილი და ელოდო სამი საათი, მანამდე თუ გადარჩი, კარგია“, - აცხადებს ეკა გველესიანი.

ეკა გველესიანი ასევე აღნიშნავს, რომ ხშირად არა მხოლოდ გადაუდებელი, არამედ პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებაც კი ხშირად დიდი გამოწვევაა, რაც ქალაქში უშუქობის პრობლემას უკავშირდება.

„გვქონდა შემთხვევა, როდესაც სამი დღე-ღამე ქალაქში შუქი არ იყო და ამ დროს ჩემს თანამშრომელს ძლიერი ალერგიული შეტევა დაემართა. მივედით საავადმყოფოში, სადაც შუქი ასევე არ იყო, ხოლო გენერატორში დიზელი აღარ ჰქონდათ და მობილური ტელეფონის ფარანს ვუნათებდით, რომ გადასხმა გაეკეთებინათ, სირცხვილია“, - აღნიშნავს სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი, ეკა გველესიანი.

მესტიაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღებისა და ქალაქში რეანიმობილის არ არსებობის პრობლემებზე სხვა სასტუმროებიც საუბრობენ. მათი თქმით, საკურორტო ქალაქში ამ სერვისების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„საავადმყოფო არის ყველაზე დიდი საცოდაობა მთელს სვანეთში. ანალიზის გაკეთებაც კი შეუძლებელია და ამისთვის თბილისში დავდივარ. ასეთი კატასტროფა სხვა რა შეიძლება იყოს 21-ე საუკუნეში, არ ვიცი. ადამიანს როდესაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება, ამ დროს რეანომობილს ელოდება ზუგდიდიდან“, - აცხადებს სასტუმრო „ჩათინის“ დამფუძნებელი, თათია ჯაფარიძე.

„რეანომობილი პრობლემაა, რადგან ზუგდიდიდან ან ქუთაისიდან უნდა გამოიძახო. ვისთვისაც დრო გადამწყვეტია, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე დგება. სვანეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სერვისების არსებობა, რადგან აქ როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ტურისტული სეზონი ექსტრემალურ სპორტს უკავშირდება. მართალია, ზოგჯერ იწვევენ ტრავმატოლოგებს, თუმცა რეანიმობილის საკითხი ისევ გადაუჭრელია“, - განაცხადა სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელმა, თათია თეთრაშვილმა.

bm.ge საკითხზე უკვე დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები