მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინისტრის მოადგილის კომენტარი ბუნდოვანია" - სოფო ლებანიძე სასწრაფო დახმარების ფასიანი მომსახურების სერვისზე

62ed580cb453f
ალა ისპირიანი
05.08.22 22:55
888
გუშინ სადაზღვევო ინდუსტრიამ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 112-დან ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც კერძო სექტორისთვის სასწრაფო დახმარების ფასიანი მომსახურების სერვისია შეთავაზებული. საუბარია იმაზე, რომ კერძო დაზღვევის პოლისის მოსარგებლეთათვის განისაზღვროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების სპეციალური ტარიფი, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ უნდა დაფაროს.

იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორის ნაწილმა ეს გაიგო ისე, რომ შესაძლოა კერძო დაზღვევით მოსარგებლეთათვის სასწრაფოს გამოძახება ფასიანი გახდეს, ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს სადაზღვევოებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სამინისტრო ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესება არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო.

მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განმარტებით, ამ შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"პსპ დაზღვევის" გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე „ საქმის კურსში“ ამბობს, რომ მინისტრის მოადგილის კომენტარი ბუნდოვანია.

მისი მოსაზრებით, წერილიდან იკითხება, რომ დაზღვეულებისთვის სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება ფასიანი გახდეს და მან დასძინა, რომ ღუდუშაურის კომენტარი თითქოს ამ განზრახვის გაბათილებას ეხებოდა.

„წერილი, რომელიც გუშინ მივიღეთ არის სახელმწიფო უწყებიდან გამოგზავნილი, რომელშიც დაფიქსირებულია სახელმწიფოს განზრახვა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა დაზღვეული მოქალაქეებისთვის ფასიანი მომსახურება მიიღონ. ყურადღებით ვუსმინე ღუდუშაურს და ის საუბრობს, რომ ტარიფები განსაზღვრული არ არისო და ტარიფები წერილით განსაზღვრულია, უბრალოდ ეს ტარიფები უფრო ზუსტად, როგორ ისაზღვრება, ეგაა გაუგებარი.

ასევე, ბატონი ღუდუშაური საუბრობს, რომ არასტანდარტული მომსახურების შემთხვევაში ამ ტარიფებით ხელმძღვანელობა მოხდებაო. არასტანდარტული შემთხვევა რას ნიშნავს, ჩემთვის გაუგებარია. ასევე საკუთარი ინტერესი, რას ნიშნავს სასწრაფო გადაუდებელი მომსახურების დროს, ესეც გაუგებარია. სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება ნიშნავს მომსახურებას, რომელიც პაციენტს გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში სჭირდება და იქ რა საკუთარ ინტერესებზეა საუბარი, ჩემთვის ეს ბუნდოვანია.

სახელმწიფო განზრახვა, რომ დაზღვეულებისთვის სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება ფასიანი გახდეს, ამ წერილიდან იკითხება. ბატონი ღუდუშაურის კომენტარი თითქოს ამ განზრახვის გაბათილებას ეხება და ესეც ასევე ბუნდოვანია", - ამბობს იგი.

მისივე თქმით, საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა.

"ვფიქრობ ძალიან მალე სადაზღვევო ინდუსტრია სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელებს უნდა შეხვდეს და ასევე იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია 112-ის მომსახურების მიწოდებაზე. თუ ზემოთ აღნიშნული განზრახვა არსებობს და სახელმწიფო ამ ყველაფრის კანონიერ ჩარჩოში მოქცევას დააპირებს, მაშინ ჩვენ ძალიან ღრმა და დეტალური დისკუსია დაგვჭირდება სახელმწიფოსთან", - აცხადებს სოფო ლებანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები