მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიწებს ვეღარ დავამუშავებთ და დავკარგავთ" - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია აქციას აანონსებს

64393e885f5b6
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.23 17:00
1083
საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია 20 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, მთავრობის მხრიდან დარგის მხარდაჭერის მოთხოვნით აქციას აანონსებს. ინფორმაცია ამის შესახებ გაერთიანების Facebook-გვერდზე გავრცელდა.

„ხუთშაბათს, 20 აპრილს მარცვლეულის გაყიდვის პრობლემებთან დაკავშირებით ვიკრიბებით ჩალაუბანში. მსურველები შემოგვიერთდით“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის მინისტრმა 3 აპრილის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მეხორბლეებსა და მეწისქვილეების შეთავაზებას უარით უპასუხა, მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ უწყებას და მთავრობას მხარდაჭერის ახალი თხოვნით მიმართა. ისინი ითხოვდნენ ან ძველი მოთხოვნისამებრ რუსული ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი გადასახადი დაწესებულიყო, ან დარჩენილი ხორბლის მარაგების თვითღირებულებით გასაყიდად, სახელმწიფოს 1 კგ-ზე 20-25 თეთრით დაესუბსიდირებინა.

აქციის დეტალებისა და არსებული მდგომარეობის გასარკვევად BM.GE მარცვლეულის ასოციაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ ბენიაიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, დარგის მოთხოვნაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხი არ ჰქონია, 20 აპრილის აქციაც ამიტომ ჩანიშნეს, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავისი პოზიცია და ის გამოწვევები, რომელშიც მარცვლეულის მწარმოებლები არიან.

„გუშინ ფერმერები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ აქცია გაგვემართა. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ან ფქვილის იმპორტი დაბეგრილიყო, ან მარცვლეულის რეალიზებისას 1 კგ-ზე 25 თეთრით დაესუბსიდირებინათ, თუმცა ამაზე ოფიციალური პასუხი დღემდე არ გვაქვს.

ფერმერთა დიდმა ნაწილმა გასული სეზონის ხორბალი ჩააბარა და ფერმერების მხოლოდ 5%-ს დარჩათ ჩასაბარებელი. ჩემი ინფორმაციით, მსხვილი წისქვილები არ მუშაობენ, ხორბალს ვერ ვაბარებთ, რადგან 1 კგ-ში 45 თეთრს გვთავაზობენ, რაც თვითღირებულებაზე დაბალი ფასია. გარდა იმისა, რომ სარეალიზაციო ხორბალი გვაქვს დარჩენილი, ივნისის დასაწყისიდან ახალი მოსავლის აღება დაიწყება და  იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ხორბლის ფასი დაბალია, ფერმერებს ძალიან დაბალ ფასად მოუწევთ ჩაბარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონისთვის ვეღარ მოვემზადებით, მიწებს ვეღარ დავამუშავებთ და მიწებს დავკარგავთ. ამასთან, საბანკო ვალდებულებები გვაქვს, რომელსაც დაბალი ფასის შემთხვევაში ვერ მოვემსახურებით. ამ საშიშროებებს ვგრძნობთ და აქციაც ამიტომ დავგეგმეთ“, - განმარტავს ნიკოლოზ ბენიაიძე და დასძენს, რომ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ მიიღებს და ეს ეკონომიკური ბლოკის უწყებებმა უნდა გადაწყვიტონ. 

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში 30 000 ტონა ხორბალი ჩაუბარებელი რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები