მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსამართლეების სანქცირება მართლმსაჯულების სისტემისთვის კატასტროფაა" - ეკატერინე ეგუტია

6495efd2ad11d
ალა ისპირიანი
23.06.23 23:17
666
აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება და ხელისუფლების რეაქციები BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK Law Office-ს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ეგუტიამ შეაფასა. მისი აზრით, მართლმსაჯულების სისტემა დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს და მისი გაუმართაობა ქვეყნისთვის საზიანოა.

„არა აქვს მნიშვნელობა სანქციის სიმძიმეს, რადგან როცა კორუფციაში გამხელს ამხელა ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტი, ეს მართლმსაჯულების სისტემისთვის კატასტროფაა. თვითონ მართლმსაჯულების სისტემა კი დემოკრატიის ქვაკუთხედია - ამერიკაშიც ასეთ გაგებაა, რომ მართლმსაჯულებიდან იწყება დემოკრატია. ადამიანს ხელი უნდა მიუწვდებოდეს მიუკერძოებელ სასამართლოზე, რაც საქართველოში არ ხდება; როდესაც ასეთ პირებს ასანქცირებენ, საჯაროდ გეუბნებიან, რომ თქვენს მართლმსაჯულების სისტემას ნდობა არა აქვს, ისინი არ აღასრულებენ სამართალს და ისინი კორუმპირებულები არიან. სანქცირებული მოსამართლეების ჯგუფი საქართველოს სახელით იღებენ გადაწყვეტილებებს და იმას აკეთებენ, რასაც მმართველი პარტია ეტყვის.

სერიოზული პრობლემაა, როდესაც მართლმსაჯულების სისტემა მმართველ პარტიას ან აღმასრულებელ ხელისუფლებას ექვემდებარება და სანქცირებით უპირველესად ამის თქმა უნდოდა აშშ-ს, რომ ეს გაქვს გამოსასწორებელი თუ დემოკრატიის განვითარების გზაზე მივდივართ, პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემა უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა მან.

გამოცდილი იურისტის აზრით, მმართველი პარტიის მიერ მოსამართლეების სანქცირების შემდეგ გაკეთებული განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება, რეალურად, მათთან თანამშრომლობს.

„ხელისუფლებას კომენტარი საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა. მმართველი პარტია არ უნდა ჩართულიყო მათი დაცვის კომენტარებში და საერთოდ განზე უნდა გამდგარიყო - ეს იქნებოდა ნეიტრალური პოზიცია. ასევე, ამ მოსამართლეების პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო, მინიმუმ უნდა შეუჩერდეთ უფლება, სანამ არ გამოიკვეთება რაში არიან მხილებული. იქ ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ თვითონ ეს პირები განაგებენ იმ საბჭოს და მართლმსაჯულების ყველა სტრუქტურას და ცხადია, თავის თავზე ზომებს არ მიიღებდნენ. სისტემაში არიან პატიოსანი მოსამართლეებიც და მათ გამო იმათაც ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი ადგებათ“, - განაცხადა მან.

ეკატერინე ეგურიას შეფასებით, სისტემაში არიან პატიოსანი მოსამართლეები, მაგრამ არაა მარტივი, მათ ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეები ამხილონ. 

„სასამართლო ძალიან სენსიტიური სტრუქტურაა და ესე ვერ გამოვლენ მოსამართლეები და საჯარო დისკუსიებში ვერ ჩაერთვებიან. მარტივი არ არის, გამოვარდე და სისტემა ამხილო. მათ თავისი ოჯახები ჰყავთ სარჩენი, ბევრი რამ აქვთ დასაკარგი, ის ფიქრობს, რომ არ ერევა კლანის საქმიანობაში. ეს ძალიან სპეციფიკური სისტემაა და შიდა ამბოხება, რომ მოეწყოს, ეს ასე მარტივად შესაძლებელი არ არის“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ კლანის დემონტაჟი მმართველი პარტიის ხელშია და მონდომების მიუხედავად, უმცირესობა ამ მდგომარეობას ვერ შეცვლის.

მიმდინარე წლის 5 აპრილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები