მესტიაში, ახლად გახსნილი სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან სვანეთში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს, რაც მიმდინარე ტურისტულ სეზონზე კვლავ პრობლემად რჩება.
ეკა გველესიანის თქმით, პირველი და მთავარი წინაღობა, რაც ხშირად დამსვენებელს სვანეთში სტუმრობისას აფერხებს მოუწესრიგებელი გზაა. მისივე განმარტებით, ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან სხვა სასტუმროს მფლობელებთან ერთად კომუნიკაცია ხშირად აქვთ, თუმცა ჯერჯერობით რეაგირება არ არის.
„ფალიანის“ მფლობელი იმასაც ამბობს, რომ პრობლემის შემსუბუქების ერთ-ერთი გზა შიდა ფრენებია, თუმცა მაღალი მოთხოვნის გამო, რეისზე ბილეთები მალევე იყიდება და მისი დამატება არ ხდება.
„მთავარი გამოწვევა იყო და რჩება გზა, რომელიც გრძელი და მოუწესრიგებელია. ზოგიერთ მონაკვეთი დაზიანებულია, რის გამოც ჩამოსვლას უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე მანამდე. ეს დამსვენებელს არ იზიდავს. არის ფრენები, რეისი დღეში ორჯერ, მაგრამ ბილეთების დადებიდან ნახევარ საათში ყველა გაყიდულია, მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, რეისების დამატება არ ხდება, არადა ეს გზის პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებდა. გასულ კვირას მერიაში განცხადებაც შევიტანეთ, თხოვნით მივმართეთ, რომ გზის პრობლემა მოეგვარებინათ, რადგან ეს ტურიზმს აფერხებს, მაგალითისთვის, ჯგუფი, როდესაც ავტობუსით მოდის, ტრანსპორტი ჩვენამდე ვერ ამოდის და სტუმრებს აღმართის ფეხით ამოვლა უწევთ. ჯერჯერობით მერიის მხრიდან რეაგირება არ გვაქვს.
სეზონის განმავლობაში წყლის პრობლემა იყო, სასტუმროებს დაბალი წნევით მოგვეწოდებოდა. ამასთან, სეზონზე პროდუქციის შოვნაც რთულია, რადგან დისტრიბუცია მოუწესრიგებელია. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, მოგეხსენებათ ელექტროენერგიის არ ქონის გამო, გასული სეზონი ჩავარდა, ახლა მოლოდინი გვაქვს, რომ იგივე პრობლემას არ წავაწყდებით, სასტუმროში ზამთრის ჯავშნები უკვე შემოგვდის“ - ამბობს „ფალიანის“ დამფუძნებელი.




























