მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობის ქმედებები ანაკლიასთან და NEQSOL-თან მიმართებით ინვესტიციების კლებას იწვევს"

60d3230a968d8
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.21 16:24
714
ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში მთავრობის მიერ საქართველოს განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის შექმნაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაღალი ალბათობით ამ დოკუმენტში ეწერება ის, რომ ქვეყანაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მთავარობამ თავად შეაჩერა ამ პროექტის განვითარება, მისი განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშაა. ირაკლი მაკალათიას თქმით, არსებული ვითარების მთავარ გამომწვევ მიზეზს ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვის დაბალი დონე განაპირობებს. ეს გახდა კიდევ ერთი მსხვილი პროექტის “ციფრული აბრეშუმის გზის” განვითარების შეფერხების მიზეზი, შედეგად მანაც ანაკლიის საკითხის მსგავსად საერთაშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლა.

“მთავრობის 10-წლიან სტრატეგიაში აუცილებლად ეწერება ანაკლია, რამდენად აშენდება, სხვა საკითხია. რაც შეეხება ციფრული აბრეშუმის გზას, ამ ორ თემას ერთად დავაკავშირებდი. როდესაც გვინდა, რომ იყოს ეკონომიკური ზრდა, ამისთვის აუცილებელია, კერძო საკუთრება იყოს დაცული. ამ ორი ქეისის შემთხვევაში, არის დარღვევა. ანაკლიის შემთხვევაში კერძო საკუთრება დარღვეულია, სახელმწიფო პოლიტიკა წყვეტს ვინ უნდა გააკეთოს ეს პორტი და ვხედავთ კიდეც როგორ წყვეტს ამას. მეორე შემთხვევაში, როდესაც ციფრული აბრეშუმის გზაზე და NEQSOL-ზე არის საუბარი ვხედავთ, რომ არის კერძო საკუთრების დარღვევა. როდესაც ვხედავთ, რომ კომპანიამ შეისყიდა “კავკასუსის” 100%, მაგრამ მარეგულირებელი ამ გარიგებას კრძალავს და აცხადებს, რომ მასთან შეუთანხმებლად ეს დაუშვებელია, მაშინ როდესაც საერთაშორისო გამოცემები და დამკვირვებლები ამაზე უარყოფით დასკვნებს წერენ. იქნება ეს ვენეციის კომისია თუ ამერიკული გამოცემების მიერ გამოქვეყნებული უარყოფითი დასკვნები. ეს ყველაფერი შემდგომში ცუდად იმოქმედებს საინვესტიციო იმიჯზე, როდესაც სხვა კერძო ინვესტორი ხედავს, რომ ასეთი რამ ხდება და თუ ისიც შემოვიდა, არც მისი ინვესტიციები იქნება დაცული. შესაბამისად, ვხედავთ, რომ არცერთი მსხვილი ინვესტორი არ შემოდის და ვაკვირდებით ინვესტიციების კლებას. შაჰ-დენიზის მილსადენის პროექტის მშენებლობა როდესაც დასრულდა, მას შემდეგ წამოვიდა ინვეესტიციების კლება", - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

მისი თქმით, მსგავსი პროცესები თამაშობს მთავარ როლს იმაში, რომ ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია ახალი უცხოური ინვესტიციით არცერთი მსხვილი პროექტი არ განხორციელებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები