მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთის კურორტები საქართველოში მხოლოდ თოვლიანი მთებია, მეტი არაფერი" - Traffic Travel

61dd508a850f1
მარიამ ადამია
12.01.22 00:13
1517
გასულ წელს თითქმის სრულად ჩავარდნილი ზამთრის ტურისტული სეზონის შემდეგ, წელს 25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე 2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

რამდენად მზად დახვდა დამსვენებლებს მთის კურორტები, ამ კითხვით BM.GE-მ Traffic Travel-ის ხელმძღვანელს, ცოტნე ჯაფარიძეს მიმართა. მისი თქმით, დრო ჰქონდა სახელმწიფოს ზამთრის კურორტების მოსაწესრიგებლად და მაინც, ისევ პრობლემებით ვხვდებით სეზონს, შიდა გზები არ იწმინდება, არ იყრება მარილი, ქაოსი და საცობებია.

“თუ გავცდებით ამ ჯოჯოხეთს, შემდეგ იწყება საბაგიროების პრობლემა, რომლებიც ხან გამორთულია, ხან ჩართული და საერთოდ ვერ ხსნიან რა არის რეალურად პრობლემა. ამიტომაც სირცხვილია ტურისტის ჩამოყვანა და იმ ყველაფრის ჩვენება, რაც დღეს საქართველოს მთის კურორტებზე ხდება, შესაბამისად გამართულობას ვერ დავარქმევთ იმას, რაც დღეს ხდება”,- ამის შესახებ ცოტნე ჯაფარიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

მისივე თქმით, მთის კურორტები საქართველოში არის მხოლოდ თოვლიანი მთები და მეტი არაფერი, თუმცა წელს თოვლიც არ არის საკმარისი, არადა, არაერთი მილიონია დახარჯული იმაზე, რომ გუდაურში აეშენებინათ ხელოვნური ტბა, რომელიც სათხილამურო ტრასების ხელოვნურ გათოვლიანებას უზრუნველყოფდა, მაგრამ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, გათოვლიანების სისტემა ჩართული არავის უნახავს და ამის მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება.

რაც შეეხება ტურიტების ნაკადს, Traffic Travel-ის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს, მთის კურორტებზე ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ლიდერობენ.

“ამ დროისთვის ტურისტები გუდაურში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან არიან, ცოტაა ბრიტანელები, რომლებიც ჩამოვიდნენ იმის გამო, რომ საფრანგეთმა დეკემბერში ომიკრონის შტამის გავრცელების გამო საზღვრები ჩაკეტა ბრიტანეთთან და მოთხილამურეებმა ალტერნატივად საქართველო აირჩიეს,” - ამბობს ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები