მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მურადის მღვიმე" - სახელმწიფოს ყურადღების გარეშე დარჩენილი უნიკალური ობიექტი

5ecd13ff0825e
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.20 11:00
5759
2014 წელს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ წევრებმა რაჭისა და იმერეთის საზღვარზე აღმოაჩინეს მღვიმე, რომელსაც შემდგომში მწყემს მურადის პატივსაცემად „მურადის მღვიმე“ უწოდეს. კლუბის წევრების თქმით, მღვიმეში უნიკალური ეკოსისტემა და მსოფლიოში უნიკალური სტალაქტიდებია, რომლის გამორჩეულობა ნიუ-იორკის უნივერსისტეტის პროფესორმა არტურ პალმერმაც დაუდასტურათ.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კლუბ „თეთნულდის“ წევრი არჩილ გეგენავა ამბობს 2014 წლის შემდეგ კლუბმა დაიწყო ამ მღვიმის შესწავლა და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის დამყარება, იმისთვის რომ მომხდარიყო მღვიმის როგორც ბუნებრივი ძეგლის დაცვა და ტურისტულად მიმზიდველი ატრაქციის გაკეთება, თუმცა 6 წლის შემდეგაც უნიკალური მღვიმე სახელმწიფოს ყურადღების მოლოდინშია.

„წლების განმავლობაში ჩვენ ჩვენი ფინანსებით და რესურსებით, გეოგრაფიის ინსტიტუტთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ვცდილობდით შეგვესწავლა ეს ბუნებრივი ძეგლი და უნიკალური ნაღვენთი ფორმები, რაც შევძელით კიდეც, ახლა საჭიროა, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებმა, როგორიც არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - სახელმწიფომ მოგვაქციოს ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს ამ ბუნებრივი ძეგლის დაცვა და შემდგომში უკვე იმაზე ფიქრი, რომ მოეწყოს ტურისტული ლოკაცია. ამ ყველაფრისთვის კი ფინანსური რესურსებია საჭირო“, - განაცხადა არჩილ გეგენავამ.

BM.GE კლუბის წევრს მეცნიერს ირაკლი ჯულაყიძესაც დაუკავშირდა და მღვიმის მნიშვნელობის და მეცნიერული კუთხით იმ საჭიროებების შესახებ ესაუბრა, რომელიც აღმოჩენიდან 6 წლის შემდეგ აუცილებელია ბუნებრივი ძეგლისთვის.

„მღვიმე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გეომორფოლოგიური კვლევისთვის, ასევე ეკოლოგიური და მღვიმეში არსებული ეკოსისტემის შესწავლის თვალსაზრისით. მეორე - მნიშვნელოვანია ასევე ამ მღვიმის კვლევა - აქვს თუ არა კიდევ გასასვლელები უფრო დიდ სივრცეში. ამ მღვიმეში არის უნიკალური ფორმები, რომლის მსგავსი და მოცულობითი, რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოში არ მოიძებნება. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორთან არტურ პალმერთან, რომელმაც გვანახა მსგავსი წარმოშობის სტალაქტიდები, რომელიც იყო სულ რაღაც 5-6 სმ.-ის, ჩვენ შემთხვევაში კი ზოგიერთის გარშემოწერილობა 180 სმ-ია.

ამასთანავე მღვიმეს ექსტრემალური ტურიზმის თვალსაზრისით, სპელეოლოგი სტუდენტების და მღვიმის მკვლევარებისთვის არის არაჩვეულებრივი საკვლევი ობიექტი. ამის დამადასტურებელი საბუთი მოგვცა დაცული ტერიტორიების თანამშრომლების დახმარებით ჩეხი სპელეოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რომელიც 1 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ამ მღვიმეს და შექმნეს მისი აზომვით რუკა“, - განმარტა ჩვენთან საუბრისას ირაკლი ჯულაყიძემ.

მისივე თქმით, მათ წლების განმავლობაში მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაცული ტერიტორების სააგენტოსთან, რათა მომხდარიყო ამ გეოგრაფიული არეალის დაცულ ტერიტორიად გამოცხადება და საჭირო ფინანსური რესურსების გამოყოფა.

„თუ ეს მღვიმე იქნება გამოყენებული ტურიზის თვალსაზრისით, აუცილებლად იქ შესულ ადამიანს უნდა შეჰყვეს პროფესიონალი, რომელიც გააკონტროლებს, რომ არ მოხდეს ეკოსისტემის დარღვევა და ფაქიზი იატაკის გაფუჭება ან რაიმეს ჩამოშლა. არანაირი ინფრასტრუქტურული მოწყობა აქ საჭირო არ არის, აქ საჭიროა ყურადღება და სიფრთხილე.

პირველ რიგში ეს ტერიტორია უნდა გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად, რომ მიემაგროს რეინჯერი, რომელიც გააკონტროლებს იქ მისულ ადამიანებს. იმისთვის, რომ მოხდეს ამ მღვიმის სრული რესურსის გამოყენება, უფრო მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფაა საჭირო, რაც როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამბობენ არ გააჩნიათ. ადრე ეს ტერიტორია ეკუთვნოდა რაჭას, ახლა ეკუთვნის იმერეთს. ამ მღვმის დაცვა და მისი ტურისტულ ლოკაციად გამოყენება ძალიან საშური საქმეა თავად ტყიბულისთვის, რადგან ახლა ის მის ადმინისტრაციულ ერთეულშია“, - განაცხადა ა.წერეთლის სახელობის ასოცირებულმა პროფესორმა და კლუბ „თეთნულდის“ წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები