მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზის ენერგია ყველაზე დემოკრატიული ენერგიაა... რუსეთთან "ომში" ამ ფორმით ვიბრძვი" - გიორგი რობაქიძე

63cd5f95eda71
ალა ისპირიანი
22.01.23 20:00
1294
რამდენიმე დღის წინ Bm.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა“. აქცენტი კერძო მესაკუთრის ენერგოდამოუკიდებლობაზე იყო გაკეთებული, რადგან გიორგი რობაქიძე სახლში ყველაფერს მზისგან გამომუშავებული ენერგიით ამუშავებს და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით კომუნალურ გადასახადებს არ იხდის. ამბავს დიდი გამოხმაურება, მათ შორის რესპონდენტის მისამართით მოჰყვა - დაისვა კითხვები, რაც ძირითადად მზის პანელების ეფექტურობასა და ენერგოდამოუკიდებლობის დადებით და უარყოფით მხარეებს ეხებოდა. Bm.ge-მ საზოგადოების მიერ დასმული ძირითადი კითხვები შეკრიბა და პასუხებისთვის სახლის მეპატრონეს მიმართა.

ერთ-ერთი კითხვა, რაც რესპონდენტის მისამართით გაჟღერდა იყო, რატომაა მისი სახლი თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი, როცა უკვე საქართველოში არაერთი სახლია, სადაც მზის პანელები დააყენეს და მისგან გამომუშავებულ ენერგიას მოიხმარენ?

გიორგი რობაქიძის პასუხი კითხვაზე ასეთია: აქამდე სახლებს არავინ აპროექტებდა იმის გათვალისწინებით, რომ მზის პანელებს დაამონტაჟებდა, რომელიც ქარს და თოვლს გაუძლებდა. ეს სახლი კი სპეციალურად ამისთვის დაპროექტდა. ასევე სახლში ბუნებრივი გაზი არ გვაქვს შეყვანილი და მოწყობილობების მუშაობა მხოლოდ ელექტროენერგიაზეა გათვლილი. ეს პანელები ერთგვარი დიზაინის ნაწილია და სახლის დიზაინს განსაზღვრავს.

დაფიქსირდა აზრი, რომ პანელებს მხოლოდ 10-წლიანი საექსპლუატაციო გარანტია აქვს და ხარჯის შემდეგ, მოგებაზე, მხოლოდ 7-8 წლის მერე შეიძლება საუბარი, რაც არამომგებიანია. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

ეს მოსაზრება იქიდან გამომდინარეობს, რომ ზოგი მწარმოებელი 10-წლიან გარანტიას იძლევა, მაგრამ გარანტია არ ნიშნავს, რომ მართლა 10 წელი გაძლებს. იმის გამო, რომ პანელებს რთული და მოძრავი დეტალები არ აქვს, ძალიან დიდხანს - 25 წელი და მეტი ძლებენ. ეკონომიკურ მომგებიანობას რაც შეეხება, პანელები პირველივე დღიდან მომგებიანია, ვინაიდან კილოვატ საათის ღირებულება დაახლოებით 2-ჯერ იაფი ჯდება, ვიდრე მოსახლეობა ყიდულობს.

ჭარბად გამომუშავებული ენერგიის გაყიდვა შესაძლებელია?

გამომუშავებული ენერგია თუ ოჯახს სრულად ყოფნის და ჭარბი ენერგიის გაყიდვა სურთ, ენერგიას შეისყიდის ქსელი, თბილისის შემთხვევაში "თელმიკო". თუ ოჯახს ჭარბად გამომუშავებული ენერგიის გაყიდვა არ სურს, შეუძლია შეინახოს და ზამთარში გამოიყენოს, როცა ნაკლები მზეა.

რატომაა მნიშვნელოვანი ქვეყანაში განახლებადი ენერგიების განვითარება?

ენერგია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ეკონომიკაში, რადგან თანამედროვე სამყაროში ელექტროენერგიის გარეშე ფუნქციონირება შეუძლებელია. მითუმეტეს ამ პერიოდში, როცა საქართველო ენერგიას მუდმივ რეჟიმში რუსეთისგან ყიდულობს და მის ენერგიაზეა მიბმული, ეს საფრთხეებს ქვეყნის ეკონომიკური თუ ფიზიკური დამოუკიდებლობისთვისაც წარმოქმნის. თანაც მზის ენერგია ყველაზე დემოკრატიული ენერგიაა, რადგან თითოეული ადამიანი თავის ენერგიას მართავს და, ასევე, ვინაიდან მზის ენერგია დივერსიფიცირებულია და გადანაწილებულია სხვადასხვა პატარ-პატარა ტერიტორიაზე, მისი მწყობრიდან გამოყვანა ძალიან რთული იქნება. დემოკრატიული ენერგია საშუალებას იძლევა, რომ ელექტროენერგიის ფასი საბაზრო პრინციპებით დარეგულირდეს, რაც საერთო ჯამში ხელს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას შეუწყობს.

მინდა ჩვენი ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდეს. მე რუსეთთან "ომში" ამ ფორმით ვიბრძვი. ჩვენმა ქვეყანამ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ეს დიდად მისასალმებელია. თითოეული ადამიანის მიერ დადგმული რაიმე სიმძლავრე კი ზღვაში წვეთია, მაგრამ ამ ზღვაში წვეთით შეიძლება შეიქმნას საქართველოსთვის საკმარისი ენერგია და უფრო მეტიც კი, რომ იქით მივყიდოთ.



რა პერსპექტივას ხედავთ, რამდენად აქვს საქართველოს შანსი ენერგოდამოუკიდებელი გახდეს?

საქართველოსთვის ალბათ ბევრად იოლი იქნება გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, ვიდრე ეს ბევრი სხვა ქვეყნისთვის იქნებოდა შესაძლებელი, რადგან საქართველოში ისეთი კლიმატია, მზის ენერგია სრულიად გამართლებულია. გარდა ამისა, ქარის რესურსიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში ამ რესურსის გაზრდაც საჭირო გახდება, როგორც თანამედროვე სააკუმულატორო ტექნოლოგიების შემოტანა.

ასევე, მომავალში საქართველო შეიძლება იყოს ელექტროენერგიის გამტარი, რაც ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი იქნება. ამისთვის უნდა გვქონდეს ჩვენი სიმძლავრეები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც მზის ენერგია და ქარის ენერგია, ჰიდროენერგიასა და თბოენერგიასთან ერთად დიდ წილს დაიკავებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არ ნიშნავს, სხვა ქვეყნებიდან კაბელები ჩავხსნათ, პირიქით უფრო მეტი და აქტიური კავშირები უნდა იყოს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, რადგან ქსელის სტაბილურობისთვის ელექტროენერგიას მუდმივ რეჟიმში ვყიდდეთ და ვყიდულობდეთ.

და ერთს დაამატებდი თუ ფანტასტიკის სფეროდ არ მოგეჩვენებათ, ვფიქრობ, თბილისის გარშემო გეოთერმული ენერგიის გამოყენებაზე კვლევები უნდა განხორციელდეს, ეს ენერგიაც საინტერესოა. თბილისის ლეგენდაც ხომ აქედან მოდის.

რა უნდა გააკეთოს ხალხმა ენერგო დამოუკიდებლობისათვის?

მათთვის საჭირო, 5, 10 , 30 კილოვატი მზის პანელები დააყენოს და ენერგოდამოუკიდებლობა თავისით მოხდება, რაც ელექტროენერგიის გაიაფებასაც გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები