შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი, მათგან 2 პირი მაშველებთან სატელეფონო ხაზზეა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ბათუმში შემთხვევის ადგილის მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მძიმე სიტუაციაა ნამდვილად, რაზეც გამოძიება დაწყებულია და დავადგენთ რამ გამოიწვია ეს ნგრევა. კორპუსის ერთი სადარბაზოს 5 სართულია ჩამონგრეული და ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. კონტაქტზე ტელეფონით 2 ადამიანი გამოდის, თუმცა ვერ გვიხსნიან ნანგრევების რა ნაწილში იმყოფებიან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შს მინისტრის თქმით, ადგილზე აქტიური სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დაზიანება არ მოხდეს.
„სამუშაოებში ასეულობით მაშველია ჩართული. ადგილზე 100 და 200 ადამიანის ასვლის და მუშაობის საშუალება არ არის, თუმცა ისინი ერთმანეთს ცვლიან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვაწარმოოთ სამუშაოები, თუმცა ამ მდგომარეობაში სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის, რადგან ამით მოყოლილები შეიძლება დავაშავოთ; აქედან გამომდინარე ჩვენი მაშველები მაღალ დონეზე მუშაობენ, რომ ნანგრევები გადმოვალაგოთ და გავათავისუფლოთ მოყოლილი პირები“, - განმარტა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურმა ნგრევის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
„წინასწარი მონაცემებით, კორპუსის ქვემოთ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მესაკუთრე ახორციელებდა ამ სამუშაოებს და შეიძლება მიზეზი ეს იყოს, რასაც გამოძიება დაადგენს. თუ ბრალეულობა დადგინდება, ეს ადამიანები პასუხისგებაში მიეცემიან. საქმე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა. სარემონტო სამუშაოები სახლში მიმდინარეობდა, რისთვისაც ნებართვა საჭირო არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.