მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნელ-ნელა მივდივართ იქით, რომ "ვეფხისტყაოსანი" მენიუ გავრცელებული აღარაა" - ლუკა ნაჭყებია

6277838810505
ლიკა გურაბანიძე
08.05.22 13:10
8365
კვების ტექნოლოგის და რესტორნების დეველოპერის ლუკა ნაჭყებიას თქმით, სარესტორნე სფეროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საოპერაციო თვალსაზრისით თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება, რაც ქართულ რეალობაში ერთ-ერთ მთავარ სისუსტეს წარმოადგენს. BMG-სთან საუბარში ლუკა ნაჭყებია განმარტავს, რომ რეცეპტების მხრივ ვითარება უმჯობესდება, მაგრამ საოპერაციო მიმართულებით კვლავ დიდი პრობლემებია, რაც რესტორნების დახურვის ერთ-ერთი მიზეზია. 

“ყველაზე მნიშვნელოვანი ნოუ-ჰაუ რაც წლების განმავლობაში უნდა ჩამოაყალიბო არის ის, რომ ინდუსტრია ტექნოლოგიებს უნდა დაეწიოს. ეს ჩვენს ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ხვრელია. რატომღაც რეცეპტები ვითარდება, მაგრამ საოპერაციო სისტემები არა. მსოფლიოში ეს ვითარდება, ხოლო საქართველოში ამისი მიმღებლობა არ გვაქვს და ვცდილობთ რაღაცები გამოვიცნოთ, რაც უმეტეს შემთხვევაში წარმატებული არ არის.” - განმარტა ნაჭყებიამ.

მისივე განმარტებით, რესტორნებში მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით გამოსწორებულია, თუმცა მათ დამფუძნებლებს კონკრეტული ხარჯების გათვლა შემდგომი რისკების თავიდან ასაცილებლად ზუსტად უნდა შეეძლოთ. ლუკა ნაჭყებიას თქმით, არასწორი გათვლების შედეგია ის, რომ საქართველოში რესტორნის ფუნქციონირებს საშუალო ვადა სამი წელია.

“ნელ-ნელა ინტუიციით იქამდე მივედით , რომ საქართველოში ვეფხისტყაოსანი მენიუ გავრცელებული აღარ არის, თუმცა დღემდე ბევრ რესტორანში აქვთ საკვები პოზიციები, რომლებიც საერთოდ აღარაა საჭირო. ეს პოზიციები დღეს არც ისე გემრიელი და საინტერესოა თან რესტორნისთვის ზედმეტი ზარალია. ადამიანები სარესტორნე სფეროს ისე არ უყურებენ, როგორც შესაძლოა კომპლექსურ სავაჭრო სფეროებს მიუდგე, სადაც ყოველი პატარა არასწორი ნაბიჯი, პატარა ნაბიჯია ზარალისკენ. სარესტორნო საქმის წარმოებისადმი არასწორი მიდგომა გვაქვს. ბევრი კარგი კონცეპტი შეიქმნა, მაგრამ ეს კონცეპტები იხსნება და იკეტება როგორც უმეტესობა რესტორნებისა.” - აღნიშნა მან.