„საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ცვლილებები და კეთილსინდისიერება. ახლა შეგვიძლია წერტილი დავუსვათ არასწორი მიმართულებით სიარულს“ - ასე ფიქრობს შეფი ლუკა ნაჭყებია, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებშიც მონაწილეობდა და საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელშიც აქტიურად აფიქსირებდა.
"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური, ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ... მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ, და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი...“ - წერდა ლუკა ნაჭყებია მარტი-აპრილის აქციების დროს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნები არის შანსი, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებას მოსთხოვენ.
„26 ოქტომბრის არჩევნები არის შანსი, ავირჩიოთ მთავრობა, რომელსაც მოვთხოვთ არა მხოლოდ იმას, რომ არ იყოს მორალურად კორუმპირებული, არამედ გაატარონ სწორი რეფორმები, იფიქრონ ქვეყნის ეკონომიკაზე, არ მოატყუონ ხალხი, რომ ვართ აგრონომიული ქვეყანა და ა.შ... რაც არ უნდა მორალურ საკითხებზე ვისაუბროთ, ეკონომიკური კეთილდღეობა თუ არ დადგება ქვეყანაში, სხვა ყველაფერზე საუბარი აბსურდია, რადგან ღარიბ გარემოში ვერ დაიბადება ჯანსაღი, პროგრესული იდეები და ქვეყანაც ნელ-ნელა ჩამოიშლება. ამის ბევრი ისტორიული მაგალითი არსებობს. ეკონომიკური განადგურება ქვეყნის განადგურების ყველაზე მარტივი ხერხია, რადგან მშიერ ადამიანს არაფერი აწუხებს შიმშილის გარდა“, - ამბობს ლუკა ნაჭყებია.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში შეფმა იმაზეც ისაუბრა, რატომ ეგონა მაშინ, რომ „ქართული ოცნება“ „რუსულ კანონს“ ვერ მიიღებდა.
„რადგან 2023 წელს „აგენტების კანონი“ უკან გაიწვიეს, მეგონა, რომ წელს, ისევ პოლიტიკურ ამინდს ზომავდნენ, თუმცა შემდეგ რაღაც მომენტში დაეტყო, რომ ეს ვა-ბანკი იყო ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე თავს ვერ დავდებ, რომ მესმის, ფარდის უკან რა ხდება. ყველას გვაქვს ჩვენი თეორიები, შეიძლება კონსპირაციები განავითარო - ილაპარაკო რუსულ ფულსა და მანიპულაციებზე და ა.შ. პროცესები ძალიან ჰგავდა იმას, რაც ყირგიზეთში, მოლდოვაში ხდებოდა, მაგრამ მაინც იმედი იყო, რომ <აგენტების კანონს არ მიიღებდნენ>, რადგან იმ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ყოველთვის უფრო პროევროპული იყო“, - აღნიშნა ლუკა ნაჭყებიამ.
ვისთვის მუშაობს „ქართული ოცნება“ დღეს? – „წერტილის“ წამყვანის ამ კითხვის პასუხად, შეფი ლუკა ნაჭყებია ამბობს, რომ კონსპირაციებზე საუბარი არ სურს, მაგრამ მისთვის ნათელია, რომ „ბიძინა ივანიშვილს თავისი ფინანსური მდგომარეობა ძალიან აწუხებს“.
„მე არასდროს მქონია 6 მილიარდი და როგორი კორუფცია ხდება პიროვნების, როდესაც მაგხელა თანხა გაქვს და კარგავ. არ მინდა, ფსიქოტიპებზე საუბარი, მაგრამ ჩემთვის არ არის ჯანსაღი სიტუაცია...“, - ამბობს ლუკა ნაჭყებია.