რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. ამის შესახებ რუსული მედია წერს. “ტასის“ ცნობით, რუსული მხარე ასევე არ გამორიცხავს ვიზალიბერალიზაციას „აუცილებელი წინაპირობების ჩამოყალიბების“ შემთხვევაში. ინფორმაცის გადამოწმება სცადეს დღეს მედიის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან. მინისტრი ირწმუნება, რომ ოფიციალურად საქართველოს ასეთი მიმართვა არ მიუღია.
„ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი. ოფიციალურად ჩვენ ასეთი მომართვა არ გვაქვს და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან არსებობს შეზღუდევბი რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებით. ეს საკითხი ასე მარტივად დღეს ვერ გადაწყდება“, - ამბობს ლევან დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში მასშტაბურ აქციებს - 20 ივნისის მოვლენებს მოჰყვა.